ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, გურამ გურამიშვილი ამბობს, რომ სამეგრელოს რეგიონში ინტერნეტზე წვდომა კომერციული ოპერატორების მიერაა უზრუნველყოფილი. მან ამის შესახებ პარლამენტში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი ჯგუფის სხდომაზე განაცხადა.
“სამეგრელო ერთ-ერთი ისეთი რეგიონია, სადაც უკვე კომერციული ოპერატორები არიან შესულები და ყველაზე ნაკლები თეთრი წერტილი ზუსტად ამ რეგიონშია და უკვე დაფიქსირდა ინტერნეტზე წვდომა“,- განმარტა მინისტრის მოადგილემ.
თავის მხრივ, ინტერნეტიზაციასთან დაკავშირებით კითხვის ავტორი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ სამეგრელოში კვლავ არის დასახლებული პუნქტები, სადაც ინტერნეტზე წვდომა არ აქვთ.
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტში არის სოფლები, დასახლებული პუნქტები, სადაც არც ინტერნეტია და არც კომერციული ინტერესი. იქნებ კიდევ მოხდეს შეჯერება, განახლება ინფორმაციის, მეც დაგეხმარებით, სამუშაო გვაქვს“, - აღნიშნა ზარქუამ.
რაც შეეხება ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის შედეგებს, გურამ გურამიშვილის თქმით, 2020-2023 წლებში ქსელის მშენებლობაზე დაახლოებით 53 მილიონი ლარი დაიხარჯა.
„დღეისათვის, დაკონტრაქტებულია, მშენებლობა მიდის და წლის განმავლობაში დასრულდება 2 400 კილომეტრის მანძილზე ინფრასტრუქტურის გაყვანა, რაც მოიცავს ოზურგეთს, რაჭა-ლეჩხუმს, ქობულეთი-ხელვაჩაურის, სამტრედია-ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებს. ასევე, მიმდინარეობს სამუშაოები: ზუგდიდი-ხობი, აბაშა-სენაკი, წყალტუბო-ვარციხე, ხონი, ჭიათურა, საჩხერე, ზესტაფონი, ხარაგაული ქედა, შუახევის მიმართულებებზე.
2023 წელს მაგისტრალის მშენებლობა დასრულდა ტყიბული-ამბროლაური-ონის, ჩოხატაური-სამტრედიის და ხელვაჩაურის მიმართულებებზე, ეს ლოტები ერთეულებად მოიცავს 58 000 მოსახლეს და 425 კილომეტრ ინფრასტრუქტურას გულისხმობს. გარდა ამისა, სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა და გრძელდება ზუგდიდი-ხობის მიმართულებაზე, რომელიც 270 კილომეტრიან ინფრასტრუქტურას, 48 დასახლებულ პუნქტს და 26 500 მოსახლეს მოიცავს. 2023 წელს, მსოფლიო ბანკის შესყიდვის პროცედურებით, ოპტიკური ქსელის მშენებლობის მიზნით, გამოცხადდა ახალი შესყიდვები და სამშენებლო-საპროექტო სამუშაოები დაიწყო შემდეგ მიმართულებებზე: აბაშა-სენაკი - ესაა 240 კილომეტრი, წყალტუბო-ვარციხე-ხონი, გასული წლის ბოლოს ასევე გამოცხადდა ტენდერი ზესტაფონი-ხარაგაულის მიმართულებაზე“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
მისივე თქმით, 2024 წელს ტენდერების უმეტესი ნაწილი უკვე გამოცხადებული იქნება, პროექტი კი, საბოლოოდ 2025 წლის ბოლოს დასრულდება.
„რაც შეეხება 2024 წლის გეგმებს, სამიზნე გეოგრაფიული არეალები მოიცავს: გორს, ქარელს, კასპს, მცხეთას, ნინოწმინდას, წალკას, თეთრიწყაროს, ადიგენს, ახალციხეს, ასპინძას, ახალქალაქს, ბორჯომს“, - განაცხადა გურამ გურამიშვილმა.