საქართველოს პრეზიდენტმა ვარშავის უსაფრთხოების ფორუმში მიიღო მონაწილეობა და ევროპის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით პანელზე ,,Key Lessons for European Security“ ისაუბრა.
როგორც მან თქვა, არსებობენ ძალები, რომელიც საქართველოს მოსახლეობის ნების წინააღმდეგ მუშაობენ, ამიტომ მიმდინარე წლის 26 ოქტომბრის არჩევნები გადამწყვეტი იქნება, რათა მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული მომავალი არჩევნებში აისახოს.
Bm.ge ინტერვიუს სრულად გთავაზობთ.
- ქალბატონო პრეზიდენტო, მოგესალმებით. თქვენს ქვეყანაში 26 ოქტომბერს არჩევნებია. როგორ ფიქრობთ დემოკრატიული ღირებულებები გაიმარჯვებს?
საქართველოში დემოკრატიული ძალები, პროევროპული ძალები ყოველთვის არსებობდა და ყოველთვის უმრავლესობას წარმოადგენდნენ. მათ იციან სადაა ჩვენი მომავალი, მათ იციან, რომ სხვა ალტერნატივა არ გვაქვს და მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოსახლეობა, რომელიც ბოლო 30 წლის განმავლობაში, ომის მიუხედავად, (რომელზეც ვსაუბრობდით), რუსეთის ყველა მცდელობის მიუხედავად, რომ გადაახვევინოს საქართველოს ევროპული გზიდან, ქვეყნის მოსახლეობის 80% ევროპული გზისა და ევროპული მომავლის მტკიცე მხარდამჭერია.
არჩევნები, რომელიც 26 ოქტომბერს ჩატარდება, გადამწყვეტი იქნება. ბევრი ძალაა, რომელიც საქართველოს მოსახლეობის ნების საწინააღმდეგოდ მუშაობს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მომავალი ევროპაშია.
ჩვენს მომავალს ასევე იცავს უკრაინაც, რომელიც იბრძვის როგორც საკუთარი დამოუკიდებლობისა და ევროპის თავისუფლებისთვის, ასევე იბრძვის ჩვენი თავისუფლებისათვის, ევროპის მომავალი უკრაინის ომის შედეგი, მოლდოვასა და საქართველოში არჩევნების შედეგებით განისაზღვრება.
ეს განსაზღვრავს, მაგალითად, შავი ზღვის უსაფრთხოებას და შავი ზღვის მომავალს, რომელიც თანამშრომლობის, მშვიდობისა და კავშირებადობის ზღვაა; ეს კი, თავისთავად კავკასიაში ევროპისა და ჩვენი დასავლელი პარტნიორების როლს განსაზღვრავს; ეს განსაზღვრავს სომხეთის მომავალს, რომელიც ახლა ევროკავშირთან დაახლოების გზაზე დგას. ასე რომ ყველაფერი, რაც ამ დღეებში სასწორზე დევს, ძალიან მნიშვნელოვანია და უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე სხვა ყველაფერი, და რაც რაც ამას სჭირდება, არის მშვიდობა. მშვიდობა ხალხის თავისუფალი ნების გამოხატვით საქართველოში, ისევე როგორც მოლდოვაში.
- როგორც ჩანს, ხალხის თავისუფალი ნება, ყოველ შემთხვევაში, დღევანდელ ხელისუფლებასთან მიმართებაში, არის ის, სადაც დემოკრატიული თავისუფლებები უკან იხევს. რამდენად საშიშია ეს ახალი რეალობა საქართველოსთვის?
საშიშია. ჩვენ მონეტის მეორე მხარე ვართ. უკრაინა განიცდის სამხედრო აგრესიას, ჩვენ - ჰიბრიდულ ომს, პროპაგანდას, ყველა სახის ზეწოლას, შიშს. ჩვენთან ეს რუსული კანონი უკვე ამოქმედებულია და ცდილობს ზეწოლა მოახდინოს და შეზღუდოს სამოქალაქო საზოგადოება. ესაა ის, რაც არჩევნებზე სასწორზე დევს და კიდევ ერთხელ ვფიქრობ, რომ არჩევნებით ქართველი ხალხის ნება დაძლევს ამ რეალურ საფრთხეებს. მე არ შემიძლია მათი მინიმუმამდე შემცირება; ისინი ძალიან რეალურია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხის სიძლიერე (რომელსაც ბევრი ზეწოლის, შიშისა და სიძნელეების გადატანა მოუწია საკუთარი დამოუკიდებლობისა და ევროპული მომავლის დასაცავად) ამას დაძლევს.
- ქალბატონო პრეზიდენტო, რას ეტყვით იმ ბევრ მოქალაქეს, რომლებმაც, როგორც თქვენ ამბობთ, 2014 წელი გადაიტანეს, მაშინ დასავლეთი არსად იყო... მათ [ქართველებმა] ნახეს რა დაემართა უკრაინას და ფიქრობენ, რომ სჯობს უბრალოდ თავი დახარონ, ეს გადაიტანონ და ვლადიმერ პუტინის გავლენას გავრცელების საშუალება მისცენ. რა არის თქვენი გზავნილი მათთვის. იმიტომ რომ, ასეთი ხალხი ბევრია...
არა, ასეთი ხალხი ბევრი არაა, რადგან 2014 წლამდეც და 2008 წლამდეც საქართველოს რუსეთთან მიმართებით დიდი გამოცდილება ჰქონდა. ეს იწყებოდა ყოველ ჯერზე, როცა საქართველო დამოუკიდებელი იყო - დაიწყო 1921 წელს, ასე იყო 1991 წლის დამოუკიდებლობის შემდეგაც. ასე რომ, მოსახლეობამ იცის, რომ თავის დახრას მშვიდობა არ მოაქვს, რუსეთთან რაიმე სახის კომპრომისი არ მოაქვს - ეს არ მუშაობს.
- თუმცა ისე ჩანს, რომ ამჟამინდელი მთავრობა..
ისინი ცდილობენ [თავის დახრას], დიახ, ნარატივი ესააა….
- ხალხი ამას მხარს უჭერს?
არიან ისეთებიც, რომლებიც მხარს დაუჭერენ, თუმცა, ეს მცირე ჯგუფია, რომელიც უფრო მეტად ამ ხელისუფლების გარშემოა პრივილეგიების, კორუფციის, ზეწოლის, კომპრომისის გამო. ჩვენ ისეთ სიტუაციაში ვართ, სადაც რუსული modus operandi-ის გამეორებას ვხედავთ და რუსული კანონიც ამის ნიშანი იყო; იმის გამო, რომ ხელისუფლება მხარდაჭერას ვეღარ აგროვებს, სხვდასხვა მეთოდებით, სხვადასხვა კანონებით საზოგადოებაზე ზეწოლის მოხდენას ცდილობს, მაგრამ მე ვარ საზოგადოებაში დარწმუნებული, ჩვენ გვქონდა საკმარისი ისტორიული გამოცდილება იმისათვის, რომ ვიცოდეთ, სად არის ჩვენი მომავალი.
- ამ გამოცდილებიდან გამომდინარე, თქვენი აზრით, რამდენად სავარაუდოა, რომ ვლადიმერ პუტინი სამხედრო მოქმედებებს განახორციელებს თუ საქართველოში ყველაფერი ისე არ წავა, როგორც მას სურს?
ეს, რა თქმა უნდა, არაა ის ჰიპოთეზა, რომელსაც მე გავაჟღერებ. მე არ მგონია, რომ რუსეთი იმ მდგომარეობაშია, რომ ეს სცადოს, თუმცა ვერაფერთან მიმართებაში ვერ ვიტყვით - არასოდესს, მაგრამ ვფიქრობ, რომ პოლიტიკა, რომელსაც რუსეთი დღეს საქართველოში იყენებს წარმომადგენლობითია - “ქართული ოცნება” მართლაც რუსული ინტერესების გამტარებელი გახდა.
ასე რომ, ეს ნიშნავს, რომ მათი უშუალო სტრატეგია არ არის სამხედრო სტრატეგია. ვფიქრობ, უკრაინა მათთვის საკმარისია. იმედი მაქვს უკრაინა გაძლიერდება და ყველა ამ საფრთხეზე ნამდვილი პასუხი უკრაინის სოლიდარობა, უკრაინის თავდაცვის გაძლიერება და იმ ომში გამარჯვებაა, რომელსაც ჩვენთვის აწარმოებენ.
- ისიც გვახსოვდეს, რომ ანალიტიკოსთა უმეტესობას არ სჯეროდა, რომ ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ჯარს შეიყვანდა, მაგრამ მაინც გააკეთა ეს. თქვენ აღნიშნეთ, რომ ამას საქართველოში არ ელოდებით - რა არის გეგმა, თუ ეს მოხდება?
თუ ასე იქნება... არ არსებობს გეგმა, რადგან საქართველო უკრაინა არაა, საქართველოს სამხედრო ძალა არ აქვს - ეს კიდევ ერთი კრიზისი იქნება თქვენთვის. (იცინის)
- ბევრი [კრიზისი] გვაქვს...
ბევრი გაქვთ…ვფიქრობ, რომ ჩვენ მაგ სიტუაციაში არ ვართ და ვფიქრობ, რომ ეს არჩევნები ჩვენთვის არის ის, რაც უნდა დავიცვათ, დავიცვათ მშვიდობიანად და გამოვხატოთ საკუთარი თავი. ვფიქრობ, არჩევნებზე ქართველი ხალხის მობილიზება დღეს რეალური პასუხია.
- როდესაც დასავლეთის პასუხისმგებლობაზე ვსაუბრობთ, რა არის დღეს თქვენი გზავნილი მათთვის, ვინც იტყვის - ბევრი ფული იხარჯება უკრაინაზე, ჩვენ გვინდა, რომ ეს დასრულდეს - მშვიდობა ნებისმიერ ფასად!
მშვიდობა არავითარ ფასად არ არის. ჩვენ, ვინც ისტორია ვიცით, ვიცით, რომ მშვიდობა არავითარ ფასად არ არსებობს. მშვიდობაა მხოლოდ მაშინ, როცა სამართლიანობაა, მშვიდობაა მხოლოდ მაშინ, როცა მოსახლეობა თავისუფალია და როცა ქვეყნები დამოუკიდებლები არიან. დარწმუნებული ვარ, რომ მშვიდობა იქნება მაშინ, როცა რუსეთი გაიგებს, რომ მასაც მსოფლიოს ნებისმიერი სხვა ერის მსგავსად საზღვრები აქვს, რომელსაც პატივი უნდა სცეს. მან უნდა იცოდეს, პირველ რიგში, სადაა მისი საზღვრები, პატივი სცეს საზღვრებს, პატივი სცეს მეზობლებს და საკუთარ საზღვრებს დასჯერდეს. ეს არის ერთადერთი მშვიდობა, რომელიც მდგრადია.
- ამ ეტაპზე რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ, დასავლეთში საქართველოს დასახმარებლად? რადგან თქვენ ცხადია საუბრობთ დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაზე, მაგრამ ასევე, იმ კამპანიასთან ბრძოლაზე, რომელსაც რუსეთი ხალხის დასარწმუნებლად აწარმოებს, რომ თითქოს მათი ცხოვრება უკეთესი იქნებოდა მათი გავლენის ქვეშ?
არ მგონია, რომ გარედან შესაძლებელია შიგნით ხალხის დაცვა გააძლიერო. ვფიქრობ, ჩვენი ისტორიიდან გამომდინარე ვიცნობთ რუსეთს. ჩვენ უფრო გამძლე ვართ რუსული პროპაგანდის მიმართ, ვიდრე ბევრი სხვა ქვეყანა, რადგან ჩვენ ეს გამოვიარეთ. ასე რომ, ხალხი ხედავს რაც ხდება.
მაგალითს მოგიყვანთ. რამდენიმე დღის წინ, წინასაარჩევნო კამპანიისთვის უმრავლესობამ, მმართველმა პარტიამ დიდი პოსტერები გამოიყენა, რომლებიც აღწერდა, ერთი მხრივ, ნგრევას უკრაინაში, მეორე მხრივ კი, მსგავს შენობებს საქართველოში, რომლებიც ძალიან კარგად გამოიყურება. ამან მოსახლეობაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, რადგან საერთოდ არ შეესაბამებოდა ქართულ კულტურას, ქართულ ტრადიციას, რომ შენ მშვიდობიან ცხოვრებაზე ტრაბახობდე, მაშინ როცა, შენი მეგობარი ამ ტრაგედიაში ცხოვრობს.
- და ეს აჟიოტაჟი რეალური იყო?
ეს რეალური და სპონტანური აჟიოტაჟი იყო. და მათ ზოგიერთი მსგავსი ტიპის ვიდეოს ამოღება მოუხდათ. ბილბორდებს ვერ ამოიღებდნენ.
- მაშ, თქვენ ფიქრობთ, რომ ამ ბრძოლაში ყველაფერი დაკარგული არ არის?
დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი დაკარგული არაა. დარწმუნებული ვარ, რადგან ვიცნობ ქართველ ხალხს.
- თქვენთვის რამდენად შემაშფოთებელია ის, რომ აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების ერთ-ერთმა კანდიდატმა არაერთხელ განაცხადა, რომ მას უკრაინაში ომის დასრულება სურს და ამისათვის ის ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებას გამართავს - დონალდ ტრამპზე ვსაუბრობ...
არ ვიცი. ერთია - რას ამბობ და მეორეა - რას გააკეთებ, როდესაც ხელისუფლებაში მოდიხარ. ვფიქრობ, რომ ამერიკის პოლიტიკა ძალიან ორპარტიულია, ყოველ შემთხვევაში, როცა ეს საქართველოს ეხება. ვიცით, რომ ის ყოველთვის ორპარტიული პოლიტიკა იყო. ვფიქრობ, უკრაინასთან დაკავშირებითაც ეს ორპარტიული პოლიტიკა იქნება, რადგან რეალობა ისეთია, არ მგონია, რომ ამერიკის რომელიმე პრეზიდენტს შეუძლია ამის იგნორირება და რუსეთისთვის, რომელიც აქამდე მართლაც აგებს ომს, მარტივი მოგების საშუალების მიცემა, რადგან ორწელიწადნახევრის შემდეგ, რუსეთისთვის ამ ომის ვერმოგება, რომლის დასრულებასაც სამ დღეში ფიქრობდა, უკვე დამარცხებაა.
- არჩეული თანამდებობის პირისათვის საქართველო რთული ადგილია, ეს ასე გამოჩნდა თქვენს შემთხვევაშიც, რადგან ბატონი სააკაშვილი ჯერ კიდევ ციხეშია. თქვენი აზრით, ქართულ სასამართლო სისტემაში რა უნდა შეიცვალოს?
სრული რეფორმა. ეს შესაბამისობაშია “ქართულ ქარტიასთან”, რომელსაც ყველა პროევროპულმა პარტიამ მოაწერა ხელი, რომლებიც ვალდებულებას იღებენ, არჩევნების შემდეგ, მომდევნო თვეებში მალევე დაიწყონ მართლმსაჯულების სისტემის ღრმა რეფორმას.
- ასე ჩანს, რომ ამ ეტაპზე საქართველოში პოლიტიკოსობა სახიფათოა...
საკონსტიტუციო სასამართლომ ჩემი იმპიჩმენტი მოახდინა, თუმცა იყო სამი მოსამართლე, რომელიც არ ეთანხმებოდა ამ გადაწყვეტილებას, რაც უკვე იმედის მომცემია. ასე რომ, ჩვენ ეს [რეფორმა] უნდა გავატაროთ და ძალიან სწრაფად. ასევე ვფიქრობ, რომ და ჩვენ ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან ერთად ძალიან სწრაფად უნდა აღვადგინოთ ევროკავშირთან და ამერიკელ პარტნიორებთან დაახლოების პროცესი, განაახლოთ სამხედრო წვრთნები, რომლებიც არჩევნებამდე შეჩერებულია. ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი და იმედი მაქვს შევძლებთ.
- გჯერათ, რომ ბატონი სააკაშვილი სამართლიან სასამართლო პროცესს მიიღებს?
სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ბევრი სხვადასხვა პროცესია, მხოლოდ ერთი არაა. დღეს საქართველოს ტრიბუნალებში სამართლიანი არაფერია. ასე რომ, თქვენ მოგიწევთ დაელოდოთ შემდეგს.
- დიდი დროა მოსაცდელად...
დაბოლოს, ქალბატონო პრეზიდენტო, გვითხარით დღეს საქართველოს რა სჭირდება ევროპისგან და შეერთებული შტატებისგან?
საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერა - მორალური მხარდაჭერა, რადგან ერთი თვის ვადაში ბევრი რამის გაკეთება არაა შესაძლებელი, საქართველოს მოსახლეობის მორალური მხარდაჭერა და არჩევნებზე ბევრი დამკვირვებელი - ასე იგრძნობს არჩევნების დროს საქართველოს მოსახლეობა მხარდაჭერას, მაშინაც კი, თუ დამკვირვებლები რეალურად ვერ შეცვლიან შედეგს, ისინი არ ერევიან არჩევნებში, მაგრამ ეს იმის ნიშანია, რომ ჩვენ მარტო არ ვართ. საქართველოსთვის, როგორც პატარა ქვეყანისათვის იზოლირებულად იგრძნოს თავი, ყოველთვის ყველაზე რთულია, იზოლაცია ჩვენთვის ყველაზე საშინელი კოშმარია.