მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბევრი ელჩისთვის გასაგებია, რომ საქართველოს კონტექსტი EU-ს ქვეყნებისგან განსხვავებულია - დავითაშვილი

6474b91cd5bb3
ინგა მურუსიძე
29.05.23 18:38
638
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ევროკავშირის ძალიან ბევრი ელჩისთვის გასაგები და ლოგიკურია, რომ რუსეთთან ურთიერთობაში საქართველოს კონტექსტი ევროკავშირის ქვეყნების კონტექსტიდან და ვითარებიდან განსხვავებულია. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ევროკავშირის ქვეყნების ელჩებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ჩვენ გვქონდა ღია და გულწრფელი დიალოგი იმ საკითხებზე, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის დღეს აქტუალურია. თქვენ იცით, რომ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა გამოთქვეს მოსაზრება საქართველოში ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით და ზუსტად ეს იყო ძირითადი განხილვის საგანი. ჩვენ ზოგადად არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაზე ვიმსჯელეთ, ვიმსჯელეთ იმაზე, რომ საქართველოში არსებული ვითარება არ შეიძლება განხილულ იქნას იგივე კონტექსტში, როგორც სხვა ქვეყნებში არსებული ვითარება. საქართველოს განსაკუთრებით რთული მდგომარეობა გააჩნია, ჩვენი ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული. საქართველოს კონტექსტი განსხვავდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების კონტექსტიდან და ამაზე იყო ღია საუბარი. ვფიქრობ, ძალიან ბევრი ელჩისთვის ეს გასაგები და ლოგიკურია.

ჩვენი მდგომარეობა არ შეიძლება რომ გაიგივებული იყოს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მდგომარეობასთან. საქართველო არ არის ევროკავშირის წევრი ჯერ კიდევ. წევრობის განაცხადი გავაკეთეთ და გვაქვს მნიშვნელოვანი პროგრესი ამ მიმართულებით. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს პროგრესი ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან ადეკვატურად დაფასდება, მაგრამ ისიც უნდა იყოს გათვალისწინებული, რომ საქართველოს კონტექსტი არის მართლაც განსხვავებული. ჩვენი მდგომარეობა სპეციფიკურია, ეს იქნება უსაფრთხოების კუთხით თუ ეკონომიკური ურთიერთობების კუთხით.

ჩვენ პოზიტიური შეხვედრები ხშირად გვაქვს ხოლმე. ორივე მხარე ვისურვებდით, რომ კიდევ უფრო მეტ პოზიტიურ დღის წესრიგსა და თანამშრომლობის ასპექტებზე ვისაუბროთ. როგორც მოგახსენებთ, აზრთა სხვადასხვაობა არსებობს და ყველაფერზე ჩვენ, რა თქმა უნდა, ვერ ვჯერდებით. ეს პოზიცია ევროკავშირის ამ კონკრეტულ წერილში დაფიქსირებული იყო, რაც ევროკავშირის წევრებმა ჩვენთან მოიტანეს. ჩვენ, რა თქმა უნდა, განვიხილეთ და ვიმსჯელეთ თითოეულ იმ საკითხზე, რაც მათ დასვეს. მზად ვართ დიალოგისთვის. ეს არის დისკუსიის პროცესი. ეს არის მუშა პროცესი. ჩვენ ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან უამრავ საკითხზე გვაქვს დიალოგი. მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებზე, სატრანსპორტო კუთხით და ა.შ“

შეგახსენებთ: დღეს ევროკავშირის ელჩებმა საქართველოს ეკონომიკის მინისტრს EU-ს დემარში გადასცეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები