მიუხედავად იმისა, რომ 2025 წლის გაზაფხული-ზაფხულის სეზონი ტურისტების რაოდენობრივი სიმრავლით გამოირჩეოდა, საქართველოს ტურიზმის სექტორი მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას. როგორც BMG-ის Golden Tulip Design Tbilisi-ს გენერალური მენეჯერმა ელენე ოთარაშვილმა განუცხადა, მთავარი პრობლემა შემოსული ტურისტული ნაკადების სტრუქტურაშია - ვიზიტორთა უმრავლესობა დაბალბიუჯეტურ სეგმენტს განეკუთვნება, რაც სასტუმრო ბიზნესში ფასების დისბალანსს იწვევს და სექტორის ფინანსურ მდგრადობას საფრთხეს უქმნის.
“გაზაფხული-ზაფხული უხვტურისტიანი იყო, მაგრამ აქ პრობლემა მდგომარეობს იმაში, თუ რა ტიპის სტუმრები გვყავს. ესენი ძირითადად მაინც, დაბალბიუჯეტური სეგმენტის სტუმრები არიან. მართალია, მათი რაოდენობა დიდია, მაგრამ ეს არ ქმნის შესაბამის დოვლათს ტურიზმში. მარტივად რომ ვთქვათ, ოთახის საშუალო ღირებულების ფასი არ არის ის, რასაც, დღეს ნებისმიერი სასტუმრო ისურვებდა. ფაქტობრივად, ხუთვარსკვლავიანი სასტუმროები ჩამოსულები არიან ოთხვარსკვლავიან სეგმენტში და ოთხვარსკვლავიანი იძულებულია, რომ შეთავაზება კიდევ უფრო ქვემოთ დასწიოს, რაც არღვევს ბალანსს ჩვენს ბიზნესში” - ამბობს ელენე ოთარაშვილი.
ამავდროულად, მისივე თქმით, სასტუმროებისთვის საოპერაციო ხარჯები მუდმივად იზრდება. გაძვირებულია როგორც პროდუქტები, ასევე მომსახურება, რაც ბიზნესს რთული დილემის წინაშე აყენებს: ერთი მხრივ, იზრდება თვითღირებულება და თანამშრომლებისთვის ხელფასების ზრდის აუცილებლობა, მეორე მხრივ კი, ბაზარზე კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად, საბოლოო პროდუქტის (სასტუმროს ნომრის) გაძვირება შეუძლებელია. შედეგად, ბიზნესის მოგების მარჟა საგრძნობლად მცირდება.
“ჩვენ ბაზარს ძალიან ბიუჯეტურ პროდუქტს ვთავაზობთ, თუმცაღა, ადგილზე ჩვენ ის პროდუქტები გაგვიძვირდა, რომლისგანაც ვქმნით ამ საბოლოო ტურისტულ პროდუქტს. ამასთან ერთად, ჩვენთან მომუშავე გუნდის ხელფასებიც ხომ მსყიდველუნარიანობას კარგავს, ანუ ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ მათ ხელფასებსაც მოვუმატოთ. მაგრამ საბოლოო პროდუქტის ფასს ვერ ვზრდით, იმიტომ, რომ ვერ იქნები კონკურენტული ბაზარზე. შედეგად, ბიზნესის ამონაგები გამოდის ძალიან პატარა მარჟა” - განმარტავს ელენე ოთარაშვილი.
მისივე თქმით, შესამჩნევია ტურისტული ბაზრების გეოგრაფიული ცვლილებაც - ევროპელი ვიზიტორების რაოდენობა შემცირებულია, მათ ადგილს კი ძირითადად სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან, ინდოეთიდან და ჩინეთიდან ჩამოსული ტურისტები იკავებენ.
ეს ცვლილება ბიზნესს ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს, რადგან ახალი სეგმენტი ნაკლებ ინტერესს იჩენს ქართული ავთენტური კულტურის, გამორჩეული სამზარეულოსა და ღვინის მიმართ. „ევროპელი, ხარისხიანი სტუმრები გვინდა ბევრი,“ - ამბობს ელენე ოთარაშვილი.




























