მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბევრი მიმართულებით შეიძლება ოპტიმიზაცია" - ირაკლი კობახიძე სახელმწიფო უნივერსიტეტების გამსხვილებას არ გამორიცხავს

ბრიფინგი
13.03.25 00:10
497

"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სახელმწიფო უნივერსიტეტების გამსხვილებას არ გამორიცხავს. საკითხზე მან “იმედი LIVE”-ში ისაუბრა.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ უმაღლესი განათლების რეფორმის მთავარი საკითხია პრობლემები სწავლების შინაარსის ნაწილში.

„სასწავლო პროგრამები უმეტესი მიმართულებით არის არსებითად დასახვეწი. საკადრო საკითხები არის სხვანაირად მოსაწესრიგებელი. სისტემაც კი არ არის სწორად ჩამოყალიბებული. რასაც ვხედავთ, დღეს, სისტემაში არ გვყავს სრულ განაკვეთზე მომუშავე პროფესორები, რაც სერიოზული პრობლემაა. თითქმის არავითარი კავშირი არ არსებობს სწავლებასა და კვლევას შორის, ძალიან სუსტია, უფრო სწორად, ეს კავშირი. არ გვაქვს ძირითად საგნებშიც კი სახელმძღვანელოები. საუბარია ძირითად, საბაზისო საგნებზე, აღარაფერს ვამბობ არჩევითებზე. ყველა მიმართულებით გვაქვს ძალიან სერიოზული გამოწვევები. შრომის ანაზღაურება არის საკმაოდ დაბალი.

შეიძლება მრავალი კუთხით, საკადრო თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელება, რომლებიც თვისებრივად გააუმჯობესებს სწავლების საკითხს. უამრავი საკითხია, რასაც ვეხებით. ჩვენ გვინდა, რომ 3 წლის თავზე, 2028 წლის ბოლომდე, მივიღოთ სრულიად განსხვავებული ინფრასტრუქტურა, სრულიად განსხვავებული სისტემა, განახლებული და დახვეწილი სასწავლო პროგრამები, სახელმძღვანელოები, უკეთესი საკადრო პოლიტიკა, გაზრდილი ანაზღაურება უმაღლესი განათლების სფეროში და, რა თქმა უნდა, მთავარი ორიენტირი არის სტუდენტი. სტუდენტს, დღეს, არ მიეწოდება სათანადო განათლება და ჩვენ, 2028 წლისთვის, თავისუფლად შეგვიძლია უკვე ევროპულ სტანდარტებამდე ავწიოთ საქართველოში უმაღლესი განათლების ხარისხი. ეს არის ჩვენი ამბიციური ამოცანა. თავისუფლად არის ეს ყველაფერი შესაძლებელი, ეს არის საუნივერსიტეტო რეფორმის ამბიციური მიზანი - სტუდენტებისთვის საკუთარი ინტერესების რეალიზების უკეთესი შესაძლებლობა და ა.შ. ამ ყველაფერზე იქნება აგებული რეფორმის კონცეფცია.

რეფორმა მოიცავს ძალიან ბევრ საკითხს, ბევრი მიმართულებით შეიძლება რესურსების ოპტიმიზაცია, რაც შეეხება გამოცდების სისტემას, იქაც შეიძლება მსჯელობის გაგრძელება. ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით ბევრი მიმართულებით არსებობს სივრცე. დღეს სისტემა ვერ მუშაობს, სამწუხაროდ, გამართულად და, პირველ რიგში, მთავარი შედეგი არის ის, რომ სტუდენტს ვერ ვაძლევთ სათანადო ხარისხის განათლებას. საშუალო მოცემულობა საკმაოდ არასახარბიელოა და შეგვიძლია, ეს ყველაფერი რადიკალურად შევცვალოთ ოთხი წლის თავზე, 2028 წლის ბოლომდე,“- განაცხადა კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები