ქართული ელექტრონული კომერცია ძალიან აქტიური კრიზისის ფაზაში შევიდა, რაც უცხოური ონლაინ მაღაზიების მხრიდან მზარდმა კონკურენციამ განაპირობა, - ამის შესახებ ელექტრონული კომერციის ასოციაციის თანადამფუძნებელმა თამარ გოგოლაშვილმა bm.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ეს მეტწილად ჩინური პლატფორმა Temu-ს გააქტიურებამ გამოიწვია, რომელმაც ბაზრის დაახლოებით 2/3 დაიკავა.
„ქართველი მომხმარებლები Temu-სა და სხვა ჩინურ პლატფორმებზე ძალიან დიდი რაოდენობით პროდუქციას იძენენ. ამან განაპირობა ის, რომ ქართულ ონლაინ სივრცეში ბევრი მაღაზია უკვე დაიკეტა, დიდი მაღაზიებიც დიდ კრიზისში არიან, მათი გაყიდვები შემცირებულია. იმისთვის რომ აქაური ონლაინ მაღაზიები შექმნილ ვითარებას მორგებოდნენ, ისინი იმ პროდუქციას, რომელიც Temu-ზე იყიდება უფრო მარტივად, ფაქტობრივად, აღარ სთავაზობენ მომხმარებელს, ვინაიდან არამოგებიანია. ისინი ცდილობენ, რომ პროდუქციის ახალ კატეგორიებზე გადაერთონ, ეს არის ის პროდუქცია, რომლის Temu-დან გამოწერის შემთხვევაში, განბაჟება საჭიროა. მაგალითად, ბაღის ატრიბუტიკა, ავეჯი და ა.შ“, - განაცხადა თამარ გოგოლაშვილმა, თუმცა, დასძინა, რომ კრიზისი იმდენად მწვავეა, რომ ახალ პროდუქციაზე გადართვაც ვერ აბალანსებს.
ამასთან, როგორც ელექტრონული კომერციის ასოციაციის თანადამფუძნებელმა განაცხადა, საბაჟო მონაცემებზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საშუალოდ სამჯერ არის გაზრდილი 50 ლარის ღირებულების პროდუქციის შემოდინება. „ძალიან მარტივად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს არის Temu-ს საშუალო ჩეკი. ჩათვალეთ, რომ ეს რაოდენობა ქართული ონლაინ მაღაზიებიდან Temu-მ წაიღო. შესაბამისად, ამან გამოიწვია კრიზისი. ჩვენი ვარაუდით, Temu-ს თვეში 400 000 შეკვეთა მაინც აქვს“, - განაცხადა მან.
მისივე თქმით, საქართველოში ელ. კომერციის ბაზარი ზოგადად მზარდია უცხოური ონლაინ მაღაზიების ხარჯზე, მაგრამ უშუალოდ ქართული ელ. კომერციის ბაზარი მეორე წელია მცირდება, წელს კი სერიოზული შედეგებია დამდგარი.
„ქართული ელ. კომერციის წლიური ზრდა აქამდე საშუალოდ 20-24%-მდე იყო. ზუსტად რა მონაცემები გვექნება წლის ბოლომდე, არ ვიცით, მაგრამ ეს ზრდა აღარ დაფიქსირდება“, - დასძინა თამარ გოგოლაშვილმა.
როგორც ელექტრონული კომერციის ასოციაციის თანადამფუძნებელი აცხადებს, ტენდენციის შესაცვლელად აუცილებელია შესაბამისი ზომების მიღება და ეს ზომები შეიძლება იყოს გადასახადის დაწესება.




























