მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქართული ელექტრონული კომერციის ზრდის ტემპი შენელდა, ბევრი ონლაინ მაღაზია დაიხურა - ასოციაცია

თამარ გოგოლაშვილი

ბოლო ორი წლის განმავლობაში ქართული ელექტრონული კომერციის ბაზრის ზრდის ტემპი შენელდა და ადგილობრივი ონლაინ ვაჭრობის პლატფორმების გაყიდვები იკლებს - ამის შესახებ დარგობრივი ასოციაციების ნაწილში აცხადებენ.

როგორც BMG-ის ელექტრონული კომერციის ასოციაციაში განუცხადეს, ბოლო პერიოდის განმავლობაში საქართველოს ელექტრონული კომერციის ბაზარი უფრო მეტად უცხოური ონლაინ მაღაზიების ხარჯზე იზრდება, ხოლო ადგილობრივი ბიზნესის წილი მცირდება.

ასოციაციაში აღნიშნავენ, რომ ადგილობრივ კომპანიებს კონკურენციის გაწევა განსაკუთრებით უჭირთ, მათ შორის ჩინურ პლატფორმა TEMU-სთან, რის შედეგადაც ბოლო პერიოდში არაერთი მცირე და საშუალო ონლაინ მაღაზია დაიხურა.

“ბოლო ორი წელიწადია ქართული ელექტრონული კომერციის ზრდის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირებულია, რაც 2020 წლიდან მოყოლებული გვქონდა. რაღაც ტემპით ვითარდება ეს ბაზარი, თუმცა ფაქტია, რომ ადგილობრივი ონლაინ მაღაზიები საერთაშორისო კონკურენტებს კონკურენციას ვერ უწევენ. ვხედავთ, რომ ზოგადად, ეს ტენდენცია მსოფლიოშია, რომ „ქროსბორდერული“ ონლაინ მაღაზიები იზრდებიან, ვითარდებიან და ადგილობრივ ქვეყნებში ონლაინ მაღაზიებს უწევენ აქტიურ კონკურენციას. ასეთივე გზას გადის საქართველო ამ ეტაპზე და ვხედავთ, რომ ადგილობრივი ელექტრონული კომერცია იმ ტემპით ვეღარ ვითარდება, როგორც ადრე. ფაქტია, რომ მნიშვნელოვნად არის გაზრდილი კონკურენცია. მომხმარებელი ანიჭებს უფრო დაბალი ღირებულების პროდუქციას უპირატესობას.

ბევრი მცირე ონლაინმაღაზია დაიკეტა, ასევე, პრობლემები შეექმნათ, გარკვეულწილად, დიდ ონლაინ მაღაზიებსაც. ბევრი მათგანი ისეთი ძლიერი აღარ არის, როგორც აქამდე იყო. ეს ყველაფერი უკვე გლობალურ ხასიათს იძენს”, - განაცხადა თამარ გოგოლაშვილმა.

ასოციაციაში მიაჩნიათ, რომ დარგის მნიშვნელობიდან გამომდინარე, აუცილებელია სახელმწიფომ ადგილობრივი ელექტრონული კომერციის ბაზარს გარკვეული ხელშემწყობი მექანიზმები შესთავაზოს, მათ შორის საგადასახადო შეღავათების ნაწილში.

“ვფიქრობ, რომ ამ ყველაფერს ეკონომიკაზეც ექნება გავლენა. აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია, რომ რაღაცნაირად გავიაზროთ გლობალურად ეს პროცესი და შევისწავლოთ ადგილობრივად პროცესები, რასთან გვაქვს საქმე. უპირველესად არის ის, რომ უფრო მეტად დავაინტერესოთ ელექტრონული კომერციის ინდუსტრიით ხალხი, მოსახლეობა. ჩემი აზრით, ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა იქნებოდა ინდუსტრიის განვითარებისთვის, რომ რაღაც წახალისება მიგვეცა [ადგილობრივი] ელექტრონული კომერციისთვის, ვინაიდან ეკონომიკისთვის საკმაოდ დიდი ბერკეტი არის, რომ ქვეყანაში არსებობს ელექტრონული კომერცია”, - აღნიშნა თამარ გოგოლაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები