მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ზოგიერთ ქვეყანას გადასახადები აქვს დაწესებული" - ელკომერციის ასოციაცია საერთაშორისო პლატფორმებიდან პროდუქციის გამოწერაზე

temu

ელექტრონული კომერციის ასოციაციის თანადამფუძნებელი თამარ გოგოლაშვილი აცხადებს, რომ ქართული ონლაინ მაღაზიების გადასარჩენად საჭიროა, გარკვეული შეღავათები დაწესდეს ქართული ელექტრონული მაღაზიებისათვის, რომლებიც იხდიან უამრავ გადასახადებს, რაც საბოლოო მომხმარებელს მნიშვნელოვნად უძვირებს პროდუქციას, ეს კი მნიშვნელოვან კრიზისს იწვევს ქართული ელექტრონული კომერციის ბაზარზე.

მისი თქმით, ქართული ელკომერცია შევიდა ძალიან აქტიური კრიზისის ფაზაში, რაც უცხოური ონლაინ მაღაზიების მხრიდან მზარდმა კონკურენციამ განაპირობა. როგორც მან bm.ge-სთან ინტერვიუში აღნიშნა, ეს მეტწილად ჩინური პლატფორმა Temu-ს და სხვა საერთაშორისო პლატფორმების გააქტიურებამ გამოიწვია, რომელმაც ბაზრის, დაახლოებით, 2/3 დაიკავა.

მისივე თქმით, საქართველოში ელკომერციის ბაზარი ზოგადად მზარდია, თუმცა უცხოური ონლაინ მაღაზიების ხარჯზე, უშუალოდ ქართული ელკომერციის ბაზარი მეორე წელია მცირდება, ხოლო წელს, სერიოზული შედეგებია დამდგარი.

„ტენდენციის შესაცვლელად აუცილებელია შესაბამისი ზომების მიღება და ეს ზომები შეიძლება იყოს შეღავათების დაწესება ან ბაზრის თანაბარ კონდიციაში მოყვანა. ზოგიერთ შემთხვევაში საერთაშორისო პრაქტიკა არის ის, რომ გარკვეული გადასახადი წესდება საერთაშორისო პლატფორმებისთვის იმ შემთხვევაში, თუ ვხედავთ, რომ მოთხოვნა ქვეყნის ეკონომიკას აზიანებს, თუმცა ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს მიზანშეწონილობიდან გამომდინარე“, - აღნიშნა თამარ გოგოლაშვილმა.

მისივე თქმით, ელექტრონული კომერციის პრობლემებზე სასაუბროდ სახელმწიფო უწყებებთან კომუნიკაციას უახლოეს პერიოდში გეგმავენ.

„ერთი მხრივ, შეიძლება გვეგონოს, რომ მომხმარებლებისთვის კარგია, რომ მათ წვდომა აქვთ იაფფასიან პროდუქტზე, თუმცა, მეორე მხრივ, უნდა ვიფიქროთ ჩვენს ეკონომიკაზეც. უზარმაზარი თანხა გადის ქვეყნიდან, საქართველოს ბიუჯეტში არ შედის და უცხოეთში მიდის. აქ კი ქართული ონლაინ მაღაზიების თანამშრომლები ღარიბდებიან. საბოლოო ჯამში კი, ეს ყველაზე აისახება. მე შეიძლება რაღაც იაფად გამოვწერო, მაგრამ ეს ჩემს ახლობელზე აისახა, ეკონომიკაც არ გაიზარდა, რაც საბოლოო ჯამში, მეც მეხება და მეც მაღარიბებს, ამიტომ აუცილებელია წახალსდეს ადგილობრივი ელმაღაზიები, რომ კონკურეცნია გაუწიონ მათ საერთაშორისო პლატფორმებს“ - აცხადებს თამარ გოგოლაშვილი.

მისივე თქმით, ბიზნესებისთვისაც არასამართლიანი გარემო იქმნება, ვინაიდან ქართული ონლაინ მაღაზიები იხდიან იმპორტის გადასახადს, დღგ-ს, გადიან პროდუქციის ხარისხის სავალდებულო შემოწმებას. საერთაშორისო პლატფორმებიდან კი, მისი თქმით, არც ვიცით, რა პროდუქცია შემოდის, - "მათ არავინ ამოწმებს. იმდენად დიდი რაოდენობით შემოდის პროდუქცია, რომ იმის რესურსიც არ არის, რომ თითოეული ამანათი გაკონტროლდეს".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები