ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან გამართული შეხვედრის დეტალებზე საუბრობს. ირანის ლიდერის განცხადებით, მხარეებმა ქვეყნებს შორის ეკონომიკური, სატრანზიტო და პოლიტიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ირანის პრეზიდენტს ერევანში შეხვდა, სადაც გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციის (COP17) ლიდერთა სამიტში მონაწილეობდა. შეხვედრის შესახებ ინფორმაცია და ფოტომასალა საქართველოში ირანის საელჩომ და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელეს. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები განიხილეს და ხაზი გაუსვეს ტურიზმის სფეროში პოზიტიურ თანამშრომლობას.
როგორც ფეზეშქიანმა აღნიშნა, თეირანსა და თბილისს შორის ურთიერთობების განვითარებას დიდი პოტენციალი გააჩნია, განსაკუთრებით კი სატრანსპორტო-სავაჭრო მარშრუტების მიმართულებით.
"ჩვენ შეგვიძლია ურთიერთობების განვითარება და კავშირების გაღრმავება. არსებობს მარშრუტები, რომლებიც ჩვენ ევროპასთან, ხოლო მათ [საქართველოს] ირანის გავლით - სპარსეთის ყურესთან, ავღანეთთან, ინდოეთთან და რეგიონის სხვა ქვეყნებთან დააკავშირებს. ჩვენ ბევრი საერთო ინტერესი და შესაძლებლობა გვაქვს ეკონომიკური, კულტურული, სოციალური და პოლიტიკური თანამშრომლობის განვითარებისთვის", - განაცხადა ირანის პრეზიდენტმა.
გარდა ეკონომიკური საკითხებისა, ფეზეშქიანმა ყურადღება გაამახვილა ორ ქვეყანას შორის არსებულ ისტორიულ-კულტურულ კავშირებსა და ფერეიდნელ ქართველებზეც.
"საქართველოს პრემიერ-მინისტრს ვესაუბრეთ. აქ, ფერეიდანში, ბევრი ირანელი ცხოვრობს, რომლებიც ქართველთა შთამომავლები არიან. მათ სახელებში, საქმიანობასა და მეტყველებაში დღემდე შემორჩენილია ქართული ფესვები და ისინი ერთმანეთთან კვლავ ქართულად საუბრობენ. ჩვენც ძალიან თბილი და გულითადი ურთიერთობა გვაქვს", - აღნიშნა მან.
მასუდ ფეზეშქიანის კომენტარის ქართულ თარგმანს საქართველოში ირანის საელჩო ავრცელებს.
























