ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტების ისტორიული სამიტი ალასკაზე კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. 3-საათიანი შეხვედრა, რომელიც სამი-სამზე ფორმატით წარიმართა, ისე დასრულდა, რომ პრესკონფერენციაზე გამოსულ ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტებს არავითარი კონკრეტული შეთანხმების შესახებ განცხადება არ გაუკეთებიათ.
შტატების ლიდერმა, დონალდ ტრამპმა მედიასთან საუბარი პრეზიდენტ პუტინისთვის მადლობის გადახდით დაიწყო. მან რუს კოლეგასთან შეხვედრა საკმაოდ პროდუქტიულად შეაფასა და აღნიშნა, რომ პუტინი ომის დასრულებით რეალურადაა დაინტერესებული.
"ჩვენ მოლაპარაკების გზაზე ძალიან მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ. მართალია, სრულად ჯერ ვერ შევთანხმდით, თუმცა შეხვედრა ძალიან ნაყოფიერი გამოდგა. ბევრ საკითხზე უკვე შევაჯერეთ პოზიციები. შეიძლება ითქვას, რომ ბოლო ეტაპამდე არ მივსულვართ, თუმცა დიდია შანსი, რომ მალე ამასაც მივაღწევთ" - განაცხადა ტრამპმა.
აღსანიშნავია ისიც, რაც ამერიკის პრეზიდენტმა უკრაინაზე განაცხადა. მისი თქმით, ომში მყოფი ქვეყანა უნდა დათანხმდეს იმ შეთავაზებას, რაზეც სახელმწიფო მდივანმა რუბიომ, სპეც. წარმომადგენელმა ვიტკოფმა და ტრამპის ადმინისტრაციის სხვა წევრებმა პუტინთან განიხილეს. ცნობისთვის, ტრამპს არ დაუკონკრეტებია, თუ რას მოიცავს შეთანხმება.
საუბრის მიწურულს ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დაუყოვნებლივ აპირებს NATO-ს წევრ ქვეყნებთან და უკრაინის პრეზიდენტთან დალაპარაკებას, რათა მათ გამართული შეხვედრის დეტალები გააცნოს.
"ცოტა ხანში NATO-ს წევრებს დავურეკავ. ალბათ, მხოლოდ მათ, ვისაც საჭიროდ მივიჩნევ. რა თქმა უნდა, დაველაპარაკები ვოლოდიმირ ზელენსკისაც და გადავცემ დღევანდელი შეხვედრის შესახებ ინფორმაციას. საბოლოო გადაწყვეტილება მათ უნდა მიიღონ." - აღნიშნა ტრამპმა.
პრეზიდენტებმა პრესკონფერენცია ისე დაასრულეს, რომ მედიის კითხვებისთვის არ უპასუხიათ.
ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ ყოველთვის „ფანტასტიკური ურთიერთობა“ ჰქონდა პუტინთან, თუმცა 2016 წლის აშშ-ის არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმეზე ჩატარებულმა გამოძიებებმა ეს ურთიერთობა შეაფერხა. პუტინის თქმით კი, მოლაპარაკებები „პატივისცემითა და კონსტრუქციულ ატმოსფეროში“ წარიმართა და ეს იყო დიდი ხნის ნანატრი შეხვედრა.




























