რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინეთის ქალაქ შენჭენში გამართულ შეხვედრაზე უკრაინაში მიმდინარე ომი და მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის არსებული ურთიერთობები განიხილეს.
შეხვედრის დაწყებამდე დონალდ ტრამპმა პუტინს „მეგობარი“ უწოდა და ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამ მოლაპარაკებებს „ბევრი შესანიშნავი შედეგის“ მოტანა შეუძლია.
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, იური უშაკოვის განცხადებით, მოლაპარაკებები დაახლოებით 35-40 წუთს გაგრძელდა და "ძალიან კარგად ჩაიარა", პუტინმა კი შეხვედრა „უბრალოდ შესანიშნავ“ განწყობაზე დატოვა.
აღსანიშნავია, რომ ორმხრივ ფორმატში მხარეებს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი განცხადებები არ გაუკეთებიათ.
უშაკოვის განმარტებით, ეს შეხვედრა მოსამზადებელი ხასიათის იყო და ის წინ უძღოდა პუტინის, ტრამპისა და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინის სამმხრივ სამიტს, რომელიც დღეს იმართება.
ცნობისთვის, ვლადიმირ პუტინმა და დონალდ ტრამპმა ბოლო პირისპირ შეხვედრა 2025 წლის 15 აგვისტოს, ალასკის ქალაქ ანკორიჯში მდებარე ელმენდორფ-რიჩარდსონის სამხედრო ბაზაზე გამართეს. მას შემდეგ რუსეთის პრეზიდენტი მოსკოვში აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენლებს რეგულარულად ხვდებოდა.
























