მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ბევრი საქმეა გასაკეთებელი, სანამ ამ აკრძალვამდე მივალთ" - ეკა ლალიაშვილი 6 წლამდე ავტომობილების იმპორტის შეზღუდვაზე

ავტოპარკი

ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი მიიჩნევს, რომ 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტის აკრძალვამდე ქვეყანაში ჯერ კიდევ ბევრი საკითხია მოსაგვარებელი. ამის შესახებ მან „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ ინიცირებულ კანონპროექტს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ავტოპარკის განახლება მნიშვნელოვანია, თუმცა შესაბამისი რეგულაციები კომპლექსურად და სწორ დროს უნდა დაინერგოს.

„ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კანონპროექტი, რადგან ვიცით, რომ ავტოპარკი მოძველებულია. დაახლოებით 50%-ზე მეტი 20 წელზე მეტი ასაკის ავტომობილია, ხოლო 5 წლამდე ავტომობილების წილი ქვეყანაში დაახლოებით 3%-ია. დიახ, მნიშვნელოვანია ავტოპარკის გაახალგაზრდავება, მაგრამ სწორი მომენტი და სწორად გააზრებული საკანონმდებლო პაკეტია საჭირო“, - განაცხადა ლალიაშვილმა.

მისი შეფასებით, მხოლოდ ერთი კანონპროექტი სისტემურ ცვლილებას ვერ უზრუნველყოფს, ამიტომ საჭიროა პარალელურად სხვა მიმართულებებზეც მუშაობა, მათ შორის ავტომობილების გამონაბოლქვის კონტროლის გაძლიერება.

ლალიაშვილის ინფორმაციით, დღეს გამონაბოლქვის კონტროლი რამდენიმე ქალაქში მიმდინარეობს, თუმცა რესურსი საკმარისი არ არის.

„კონტროლის მექანიზმი ძალიან მნიშვნელოვანია. რამდენიმე ჯგუფი ოთხ ქალაქში ამოწმებს გამონაბოლქვს, თუმცა ეს არასაკმარისია. საჭიროა მისი გაფართოება, რათა მძღოლებს გაუჩნდეთ განცდა, რომ მათი ავტომობილის გამონაბოლქვი რეალურად კონტროლდება“, - აღნიშნა მან.

მისივე თქმით, 2019 წლიდან მოქმედი ტექინსპექტირების სისტემაც საჭიროებს გაუმჯობესებას, რადგან რეფორმას გარკვეული ხარვეზები ახლავს და აუცილებელია მათი ეტაპობრივი გამოსწორება. ლალიაშვილი ასევე მიუთითებს შესაძლო რისკებზე, რომლებიც ახალი რეგულაციის ამოქმედებას შეიძლება მოჰყვეს. მისი ვარაუდით, არსებობს საფრთხე, რომ იმპორტიორები 6 წლამდე ასაკის, მაგრამ ნაავარიევი ავტომობილების შემოტანაზე გადაერთონ, რაც საგზაო უსაფრთხოებისთვის პრობლემური იქნება.

"შეიძლება ქვეყანაში შემოვიდეს 6 წლამდე ავტომობილი, რომელიც ნაავარიევია და ვერ აკმაყოფილებს უსაფრთხოების სტანდარტებს - მაგალითად, არ ჰქონდეს საჰაერო ბალიშები ან სხვა მნიშვნელოვანი სისტემები. ასეთმა მანქანებმა შეიძლება მაღალი მსხვერპლი გამოიწვიოს", - ამბობს ის.

ლალიაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ რეგულაციების პარალელურად აუცილებელია ცნობიერების ამაღლების კამპანიები, რათა მძღოლების დამოკიდებულება საგზაო უსაფრთხოების მიმართ შეიცვალოს.

ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ გეგმავს 6 წელზე მეტი ასაკის M1 კატეგორიის ავტომობილების იმპორტის, პირველადი და დროებითი რეგისტრაციის აკრძალვას, რომელიც 1 აპრილიდან უნდა ამოქმედდეს. გამონაკლისი გავრცელდება იმ ავტომობილებზე, რომელთა ტრანსპორტირება დაწყებულია 1 აპრილამდე ან რომლებიც უკვე შემოყვანილია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე.

ინიციატივას სექტორის ნაწილი აპროტესტებს. საქართველოს ავტოიმპორტიორთა და ავტომფლობელთა ასოციაციამ პარლამენტსა და მთავრობას უკვე მიმართა მოთხოვნით, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება გადაიხედოს. შესაბამის პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვებაც მიმდინარეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები