სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მხრიდან თაღლითობაში დახმარების და ყალბი ოფიციალური დოკუმენტაციის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე ძებნაში მყოფი ბიჭიკო პაიკიძე დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ბიჭიკო პაიკიძის საქმის პროკურორმა, სასამართლო პროცესზე განაცხადა. მისი თქმით, ბრალდებულის დაკავება ესპანეთში მოხდა.
აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს BM.GE-სთან ბიზნესმენის და ვანში საკრებულოს ყოფილი წევრის ადვოკატი ირმა ჭკადუა, რომელიც აცხადებს, რომ პაიკიძე ესპანეთში 9 დეკემბერს დააკავეს, თუმცა სასამართლომ ის პატიმრობაში არ დატოვა. უფლებადამცველის ინფორმაციით, ბიჭიკო პაიკიძის ექსტრადირების პროცედურა დაწყებულია.
"ბატონი ბიჭიკო პაიკიძე ესპანეთში 9 დეკემბერს დააკავეს, თუმცა ესპანეთის სასამართლომ მის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ზომა - პატიმრობა, როგორც საექსტრადიციო არ გამოიყენა და მას არასაპატიო აღკვეთი ღონისძიება აქვს შეფარდებული. ექსტრადაციის პროცედურა დაწყებულია, თუმცა დაპატიმრებული არ არის", - აცხადებს ირმა ჭკადუა და დასძენს, რომ ექსტრადირების დროს ვერ დაასახელებს.
"ის საქართველოდან გაემგზავრა თურქეთში სამკურნალოდ, ესპანეთში მას შეხვედრა ჰქონდა ჩანიშნული და როდესაც ესპანეთში შეხვედრაზე იყო ჩაფრენილი, მაშინ გაუუქმდა პასპორტი, შესაბამისად, ის ესპანეთიდან სხვაგან ვერ გადაადგილდა და ვერ დაბრუნდა თურქეთში", - ამბობს ადვოკატი, თუმცა ვერ აკონკრეტებს როდის ჩამოერთვა პასპორტი ბიჭიკო პაიკიძეს.
შეგახსენებთ, 24 სექტემბერს სუს-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიმალვაშია ბიზნესმენი და ვანში საკრებულოს წევრი ბიჭიკო პაიკიძე, რომლის კომპანიამაც ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან გაფორმებულ 46.6 მილიონი ლარის კონტრაქტებიდან 4.1 მილიონი ლარი უკანონოდ მიითვისა. საქმეზე სულ 5 პირი დააკავეს, მათ შორის "ბიპი ტრანსის" დირექტორი ვალერიანე კვარაცხელიაც. დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით. არსებული ინფორმაციით, ბიჭიკო პაიკიძე გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავია. პაიკიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად ჰქონდა შეფარდებული. მასზე ძებნა იყო გამოცხადებული.




























