მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბიჭვინთის აგარაკის გადაცემას რუსეთისთვის პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა" - სუს-ი

ბიჭვინთა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 2023 წლის ანგარიშში წერს, რომ ბიჭვინთის აგარაკის გადაცემას რუსეთისთვის პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა. ამის შესახებ ანგარიშის იმ ნაწილში წერია, რომელშიც რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისკენ მიმართულ პროცესებზეა საუბარი.

უწყებაში განმარტავენ, რომ 2022 წელს დაწყებულ პროცესს თავიდან საზოგადოების ნაწილი ეწინააღმდეგებოდა, თუმცა 2023 წლის ბოლოს მას „ოპოზიციის ლიდერების“ დიდმა ნაწილმა მხარი დაუჭირა.

„ბიჭვინთის აგარაკის გადაცემას რუსეთისთვის პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა. აღნიშნული პროცესი რუსეთის სასარგებლოდ დასრულებით მოსკოვმა დემონსტრირება მოახდინა, რომ მისი ინტერესების წინააღმდეგ ნებისმიერი პროტესტი უშედეგოა.

მოსახლეობაში გაჩენილი უკმაყოფილების მინიმიზებისთვის საოკუპაციო ძალა მუდმივად ცდილობდა წარმოჩენას, თითქოს ე.წ. სახელმწიფო აგარაკის გასხვისების შესახებ ე.წ. შეთანხმებაზე უარის თქმა პირდაპირ უკავშირდებოდა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ინტერესებს და რუსეთთან ოკუპირებული აფხაზეთის „ურთიერთობას“ დააზიანებდა“, - ნათქვამია სუს-ის ანგარიშში.

ცნობისთვის, 2023 წლის ბოლოს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა დაჩქარებული წესით დაამტკიცა “რუსულ-აფხაზური შეთანხმება” ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემის შესახებ. აფხაზური მედიის ინფორმაციით, დოკუმენტს მხარი 28 დეპუტატიდან 25-მა დაუჭირა. ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ე.წ. ელჩმა, მიხეილ შურგალინმა განაცხადა, რომ მოსახლეობის უმრავლესობისთვის ბიჭვინთის აგარაკები ვლადიმერ პუტინთან ასოცირდება, რადგან სამთავრობო შეხვედრები მას იქ არაერთხელ გაუმართავს. გადაწყვეტილებას ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილის მხრიდან პროტესტი მოჰყვა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში კი მაშინ განაცხადეს, რომ აფხაზეთის რეგიონის ოკუპაციის პირობებში ტერიტორიის გადაცემაზე გაფორმებულ ე.წ. შეთანხმებას ვერ ექნება რაიმე სახის სამართლებრივი შედეგი, რადგან საერთაშორისო სამართლებრივი თვალსაზრისით, ნებისმიერი მსგავსი სახის ე.წ. შეთანხმება იურიდიული ძალის არმქონე და ბათილია. ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის იჯარით გადაცემის საკითხი მკაცრად დაგმო საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელმაც განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიის მცოცავი ანექსირების პოლიტიკის გაგრძელებას და საერთაშორისო საზოგადოებას მკაცრი რეაქციის გამოვლენისკენ მოუწოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები