“შორს არ არის ის დღე, როცა თურქეთი აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებს”, - ამის შესახებ აფხაზურ მედიას აფხაზმა პოლიტიკოსმა, ასტამურ ლოგუამ განუცხადა. ე.წ. პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა განაცხადა, რომ პუტინ-ერდოღანს შორის არსებული ურთიერთობა, პოზიტიური სიგნალია თურქეთის მხრიდან “აფხაზეთის დამოუკიდებლობის” აღიარების გზაზე.
“ძალიან სასიამოვნოა, რომ ჩვენს რეგიონში ორი დიდი სახელმწიფოს ლიდერი ასეთ რთულ დროს მოლაპარაკებებს აწარმოებს და ცდილობს სერიოზული ურთიერთობების დამყარებას მომავლისთვის, როდესაც თურქეთი რეგიონულ ჰაბად ქცევას გეგმას. ეს არის თურქეთის სახელმწიფოს დიდი მიღწევა. აფხაზეთისთვის კი მნიშვნელოვანია, რომ რუსულ-თურქული ურთიერთობები კარგ დონეზე იყოს, რადგან რუსეთი ჩვენთვის სტრატეგიული მოკავშირეა და ქვეყანა, რომელმაც გვაღიარა. ამასთან, თურქეთში ცხოვრობს უზარმაზარი აფხაზურ-ადიღეური დიასპორა, რომელიც ყოველთვის მხარს უჭერდა და უჭერს აფხაზეთის კურსს ფართო საერთაშორისო აღიარებისკენ. დარწმუნებული ვარ, შორს არ არის ის დღე, როცა თურქეთი აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებს. საიდუმლო არ არის, რომ ჩვენ გვაქვს ურთიერთობები და, მადლობა ღმერთს, ის ვითარდება”, - განაცხადა ასტამურ ლოგუამ.
აფხაზი პოლიტიკოსი საუბრობს გეგმაზე, რომელზეც, მისი თქმით, თურქეთის პარლამენტში ისაუბრეს. ლოგუა ირწმუნება, რომ გეგმის მიხედვით, რუსეთს კვიპროსი უნდა ეღიარებინა, თურქეთს - აფხაზეთი.
“ჩვენი ოფიციალური პარტნიორები თურქეთში ამბობენ, რომ აფხაზეთი თურქულმა სახელმწიფომ უნდა აღიაროს. ჩრდილოეთ კვიპროსისა და აფხაზეთის აღიარების გეგმა იყო. აფხაზეთი თურქეთმა უნდა აღიაროს, ხოლო ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკა რუსეთმა. ასევე ნათქვამია, რომ თურქეთში არსებობენ ძალები, რომლებიც მზად არიან აღიარონ ყირიმის ტერიტორია რუსეთის ფედერაციად. ერთი რგოლი იყო ყირიმის, ჩრდილოეთ კვიპროსისა და აფხაზეთის აღიარება. ეს საკითხები განვიხილეთ თურქეთის პარლამენტშიც და დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი ხელმძღვანელობა, პარლამენტი გააგრძელებს ჩვენ მიერ დაწყებულ საქმეს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი წინადადება გაკეთდა [პუტინ-ერდოღანის შეხვედრაზე] ჩრდილოეთ კვიპროსში რუსეთის წარმომადგენლობის გახსნის შესახებ. თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ კვიპროსიდან და თურქეთიდან ჩვენმა კოლეგებმა დამირეკეს და შემომთავაზეს ვიდეოკონფერენციის ჩატარება კვიპროსის, თურქეთის, აფხაზეთისა და რუსეთის წარმომადგენლების მონაწილეობით”, - აღნიშნა ასტამურ ლოგუამ.
ე.წ. პარლამენტის მე-6 მოწვევის დეპუტატი, ალხას ჯინჯოლია კი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია მოლაპარაკებების წარმოება “საქართველოსთან”. მისი თქმით, გამარჯვებულმა აფხაზებმა ქართველები მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა მიიწვიონ.
“ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და არ უნდა დაგვავიწყდეს, როგორი მეზობელი გვყავს... დიახ, შეუპოვარი ქართველები... და ბოლოს როდის ვესაუბრეთ მათ? ჩვენ, როგორც გამარჯვებულები, რატომ არ ვიწვევთ მათ მოლაპარაკების მაგიდასთან? როცა თურქეთისთვის და რუსეთისთვის ორმხრივად მოგებიანი პროექტის იდეას გამოვიმუშავებთ, მაშინ პატარა აფხაზეთის ინიციატივებს საქართველოც მოისმენს”, - აღნიშნა ალხას ჯინჯოლიამ.