მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბიძინა ივანიშვილის გათვლებით, წყალტუბოს განვითარება რეგიონში 15 000-20 000 ადამიანს დაასაქმებს

5db81cbdea578
თელარა გელანტია
29.10.19 15:01
2666
„ქართული ოცნების" თავმჯდომარემ და ექს-პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე საათის წინ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, წყალტუბოში მდებარე 22 სასტუმროს და 9 აბანოს გამოისყიდის და კურორტის რეაბილიტაციას დაიწყებს.

„ჩემი გეგმის მიხედვით, წყალტუბო, უახლოეს წლებში, შესაძლებელია, გახდეს აღმოსავლეთ ევროპის უმნიშვნელოვანესი მიზიდულობის ადგილი და კონკურენცია გაუწიოს დიდ მოთამაშეებს ცენტრალურ ევროპაში“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ივანიშვილის სახელით გავრცელდა.

ყოფილი პრემიერის თქმით, საბოლოო ჯამში, რეგიონში 15 000 - 20 000 ადამიანი დასაქმდება.

„სანატორიუმების რეაბილიტაცია, წყალტუბოში, მინიმუმ 8 ათას ადამიანს დაასაქმებს. მათი აღდგენის შედეგად, წელიწადში საშუალოდ ექვსასიდან რვაას ათასამდე ტურისტის მიღების შესაძლებლობა გვექნება, რომ არაფერი ვთქვათ იმ თანამდევ მცირე ბიზნესების განვითარებაზე, რაც მოყვება კურორტის აღდგენას.

წყალტუბოს განვითარება იქ მცხოვრები იძულებით გადაადგილებულ პირთა ინტეგრაციის გარეშე წარმოუდგენელია. გარდა ამისა, რომ უკვე დაწყებულია სამუშაოები სანატორიუმებში მცხოვრები ოჯახების შესაბამისი, ღირსეული საცხოვრებლით დასაკმაყოფილებლად, მათი ასევე გაუჩნდებათ დასაქმების ახალი წყარო და პერსპექტივა.
საბოლოო ჯამში, რეგიონში დასაქმდება 15 000 - 20 000 ადამიანი, რაც უპირობოდ გამოიწვევს მთელი იმერეთის მხარის მდგრად ეკონომიკურ განვითარებას და აღმავლობას.

და ბოლოს, რატომ გამიჩნდა სურვილი და მოთხოვნილება, ასე საჯაროდ და დეტალურად მესაუბრა წყალტუბოს განვითარების პროექტზე? პირველ რიგში იმიტომ, რომ ქართულ ბიზნესს პირადად ჩემგან მოესმინა, რას ვგეგმავ და როგორი ფორმით ვთავაზობ მათ თანამშრომლობას. იმავდროულად, ვიცი, ამ საქმესაც გამოუჩნდებიან მძაფრი ოპონენტები. სამწუხაროდ, თეთრის შავად და შენების ნგრევად გამოცხადება, ჩვენს ქვეყანაში ბევრს დღემდე ეფექტურად გამოსდის, ამიტომ საზოგადოების სწორი და დროული ინფორმირება აუცილებლად ჩავთვალე. დარწმუნებული ვარ, ინფორმირებული საზოგადოება სწორ დასკვნებს გამოიტანს“, - წერს ბიძინა ივანიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები