"ოცნების" პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს აქვს უკომპრომისო დამოკიდებულება კორუფციის მიმართ და ამ მიმართულებით ქვეყნის მთავრობა სისტემურად და პრინციპულად მუშაობს.
„ბიძინა ივანიშვილს აქვს უკომპრომისო დამოკიდებულება კორუფციის მიმართ. მინდა შეგახსენოთ, 2023 წლის დეკემბერში, როდესაც ის პოლიტიკაში დაბრუნდა, პარტიის ყრილობაზე ერთ-ერთი მთავარი განაცხადი სწორედ კორუფციასთან ბრძოლას შეეხებოდა. მან პირდაპირ განაცხადა, რომ ეს იქნებოდა მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი,“ – აღნიშნა კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბარში.
მისი თქმით, მიუხედავად გარე ზეწოლისა და რთული პოლიტიკური გარემოსა, ქვეყანამ შეძლო ინსტიტუციური მდგრადობის შენარჩუნება და ეფექტური მექანიზმების ამოქმედება კორუფციის პრევენციის მიმართულებით.
„შარშანდელი წელი იყო რთული, იყო საარჩევნო პროცესი და სერიოზული პოლიტიკური ზეწოლა. დღეს ჩვენ ვართ ძლიერი და დამოუკიდებელი, როგორც არასდროს. შესაბამისად, ყველა რესურსი გვაქვს იმისთვის, რომ ვებრძოლოთ კორუფციას და განვახორციელოთ მისი პრევენცია ყველა მიმართულებით,“ – აღნიშნა მან.
კობახიძის თქმით, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში არ ფიქსირდება არც ერთი გადაწყვეტილება, ტენდერი ან პრივატიზაციის შემთხვევა, სადაც კორუფციის ნიშნები იკვეთება.
„შეგიძლიათ ამოიღოთ მთავრობის ნებისმიერი გადაწყვეტილება, ნებისმიერი ტენდერი ან პრივატიზაცია. ვერსად ნახავთ კორუფციის ნიშნებს. მე პირადად ვაგებ პასუხს იმაზე, რომ მაქსიმუმს გავაკეთებთ კორუფციის აღმოსაფხვრელად. ეს არის უკვე შემდგარი ფაქტი,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.




























