საქართველოს ავტოინდუსტრია მორიგი გამოწვევის წინაშეა - ექვს წელზე ძველი ავტომობილების განბაჟების გაძვირების შემდეგ, ხელისუფლება 6 წლამდე ავტომობილების აქციზის საფასურსაც ზრდის, ისევ ეკოლოგიაზე ზრუნვის მოტივით. აქციზის გაზრდილი განაკვეთები ძალაში 1-ელი აპრილიდან უნდა შევიდეს.
ავტოიმპორტიორთა და ავტომფლობელთა ასოციაციის გათვლებით, „ავტომობილების იმპორტიორი კომპანიების 30-40% მუშაობას შეწყვეტს, დილერების 50-60%-მდე უმუშევარი დარჩება, ხოლო ავტოინდუსტრიის ბრუნვა, რომელიც 6 მილიარდი დოლარია 2.6 მლრდ დოლარით შემცირდება“, ამიტომ ვინაიდან ხელისუფლება ინდუსტრიასთან კომუნიკაციას თავს არიდებს, ავტოიმპორტიორებმა დახმარებისთვის გუშინ, 17 მარტს ღია წერილით პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს მიმართეს.
„გთხოვთ, თქვენი ავტორიტეტითა და სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობით ხელი შეუწყოთ ღია პროცესის დაწყებას: შეიქმნას სამუშაო ჯგუფი სახელმწიფოს, დამოუკიდებელი ექსპერტებისა და სექტორის მონაწილეობით; საზოგადოებას მიეწოდოს სრულყოფილი ინფორმაცია ცვლილების მიზნებზე, მექანიზმებსა და ვადებზე; ხოლო რეგულაცია დაეფუძნოს რეალურ ეკოლოგიურ ეფექტს: ემისიის სტანდარტს, ტექნიკური კონტროლის გამკაცრებას და გონივრულ გარდამავალ პერიოდს, რათა არ მივიღოთ რეგულაცია, რომელიც ფორმალურად არ კრძალავს, მაგრამ რეალურად მოქალაქეების უმრავლესობას არჩევანს უსპობს“, - ეწერა ავტოიმპორტიორთა და ავტომფლობელთა ასოციაციის განცხადებაში.
რა რისკებს ხედავს ბიზნესი და რატომ მიმართეს ღია წერილით ბიძინა ივანიშვილს, რომელსაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ოფიციალური თანამდებობა არ უკავია და მხოლოდ პარტიის საპატიო თავმჯდომარეა - „წერტილის“ კითხვებს საქართველოს ავტოიმპორტიორთა და ავტომფლობელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ალექსი ნონიაძემ უპასუხა.
- ბიძინა ივანიშვილისადმი ღია წერილში ხაზგასმული იყო მისი ავტორიტეტი, მაგრამ მაინც გკითხავთ - რატომ მიმართეთ „ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს - იცით რა, რომ რეალურად ის წყვეტს ყველაფერს ქვეყანაში?
- პირდაპირ გეტყვით, რომ თავდაპირველად, ასეთი გადაწყვეტილების წინააღმდეგი ვიყავი; ამას გულახდილად გეუბნებით, მაგრამ შემდეგ, რაც დავფიქრდი, გავაანალიზე რატომ სურთ ადამიანებს კონკრეტულად მიმართონ ბიძინა ივანიშვილს, მერე მეც თანხმობა განვაცხადე და ვთქვი - „კი ბატონო, არ არის პრობლემა. მოდით, მივმართოთ“. რატომ მივმართეთ? - წინასწარ გთხოვთ, პათეტიკურ გამოსვლაში არ ჩამითვალოთ; როდესაც მომმართავს რომელიმე უცხო ადამიანი და იწყებს ასე: ბატონო ლექსო, ან ბატონო ალექსი ან უბრალოდ ბატონობით როცა მომმართავს, დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. ე.ი. იმ ადამიანს ჩემგან რაღაცა უნდა, მე რაღაცა შემიძლია, ბევრი თუ ცოტა ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია. მიმაჩნია, რომ ეს ადამიანი თვლის, რომ მე რაღაცა შემიძლია ანუ მის წინაშე რაღაც პასუხისმგებლობაც მაქვს და ასე რომ დავფიქრდი, ამიტომაც დავთანხმდი ღია წერილით მიმართვის იდეას... შეიძლება ბატონმა ბიძინამ ნახოს ჩვენი ინტერვიუ; შეიძლება, არც ნახოს. შეიძლება დაეთანხმოს - შეიძლება არ დაეთანხმოს, არ ვიცი... პირადად ჩემთვის, ამას შეიძლება დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს, მაგრამ საერთო პროცესისთვის მთავარი სხვა რამ არის: თუ თუნდაც ერთი ოჯახი ამ გადაწყვეტილების გამო მშიერი, უმუშევარი და შემოსავლის გარეშე დარჩება, მაშინ მთელი ეს მსჯელობა აზრს კარგავს... გუშინ ბავშვების ინტერესებზე საუბრობდნენ, თუმცა როდესაც ამ მშობლებს საარსებო წყაროს ვართმევთ, ჩნდება კითხვა - რეალურად როგორ ვზრუნავთ მათზე?! საბოლოო ჯამში, ადამიანებს არ დაამახსოვრდებათ არც ჩემი და არც თქვენი ნათქვამი ამ გადაცემაში, არც ის, თუ რა ბედი მეწევა მე პირადად. ადამიანების მეხსიერებაში მხოლოდ ის მძიმე რეალობა დაილექება, რომელიც მათ ცხოვრებაზე აისახება და ეს ყველაფერი, გინდა თუ არ გინდა, მაინც ბიძინა ივანიშვილის სახელს დაუკავშირდება...
- გაქვთ იმედი, რომ გამოგეხმაურებათ?
- მე ჩემს სამუშაოს ვასრულებ. თქვენთან როცა ვზივარ და თუნდაც ამ თემაზე ვსაუბრობ, მე ჩემი პასუხისმგებლობა მაქვს ამ ადამიანების წინაშე და ყველაფერი უნდა გავაკეთო, რათა დარგი არ დაიღუპოს. მასაც [ბიძინა ივანიშვილსაც] აქვს პასუხისმგებლობა და ამას პირდაპირ ვეუბნები... მინდა, ეს გრძნობა მასში გამოვიწვიო, თუნდაც ამ მიმართვის ფორმით, აქედან და ვუთხრა, რომ მასაც აქვს პასუხისმგებლობა... პირველად როცა მივედი ავტოიმპორტიორებთან, რატომ ვსაუბრობ საკუთარ თავზე და ვუთხარი, რომ „მე თქვენ დაგეხმარებით“, იმ დღიდან დღემდე მოყოლებული, ჩემს სამუშაოს ვასრულებ. ეს ჩემი პასუხისმგებლობაა.
- და მაინც, ბიძინა ივანიშვილს იმიტომ მიმართეთ ღია წერილით, რომ ირაკლი კობახიძის მინისტრთა კაბინეტი ვერ დაარწმუნეთ იმ ნეგატიურ შედეგებში, რაც ინდუსტრიას და მომიჯნავე სექტორებს ელის აქციზის მკვეთრი ზრდით?
- იცით, აბსოლუტურად ყველა მეთოდი გამოვიყენეთ, რაც შესაძლებელი იყო და გონივრული იქნებოდა ასეთ სიტუაციაში.
- პირადად პრემიერ ირაკლი კობახიძესთან გქონიათ კომუნიკაცია ამ თემაზე?
- პირადად მე და ასოციაციას არ გვქონია [კომუნიკაციას]
- მცდელობაც არ გქონიათ?
- ოფიციალური წერილით მივმართეთ... რა თქმა უნდა, მცდელობა გვქონდა სხვადასხვა ადამიანური რესურსის გამოყენებით...
- გინდოდათ ირაკლი კობახიძის ნახვა, რათა უშუალოდ გესაუბრათ ინდუსტრიის მოლოდინებზე?
- დიახ, რა თქმა უნდა.
- რა იყო პასუხი?
- პასუხი ის იყო, რომ გადაწყვეტილება არ შეიცვლება.
- ეს შემოგითვალათ, მაგალითად, მთავრობის ადმინისტრაციის სახელით?
- არა, ეს მუდმივად გვესმოდა.
- თუ რადგან არ შეგხვდათ, ეს ჩათვალეთ პასუხად?
- ნაწილობრივ ასეც იყო, ნაწილობრივ ისიც იყო, ყველაფერი იყო.




























