მილიარდერმა ინვესტორმა, ბილ აკმანმა ოფიციალურად დაიწყო თავისი კერძო ჰეჯ-ფონდის, Pershing Square-ის საჯარო კომპანიად გარდაქმნის პროცესი.
Wall Street Journal-ის ინფორმაციით, აკმანმა ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე ორმაგი ლისტინგის მოთხოვნით SEC-ში განაცხადი უკვე შეიტანა. გეგმის მიხედვით, ბირჟაზე ერთდროულად გამოვა თავად მმართველი კომპანია Pershing Square Inc და ახალი საინვესტიციო ფონდი Pershing Square USA, რომელიც საჯარო ბაზრისათვის გახდება ხელმისაწვდომი.
როგორც ცნობილია, აკმანი ამ კომბინირებული IPO-ს მეშვეობით 5-დან 10 მილიარდ დოლარამდე კაპიტალის მოზიდვას გეგმავს, საიდანაც 2.8 მილიარდი დოლარი უკვე გარანტირებულია მსხვილი ინსტიტუციონალური ინვესტორების მხრიდან.
აღსანიშნავია, რომ ეს აკმანის მეორე მცდელობაა, რადგან 2024 წელს მან მსგავსი გეგმა ბოლო მომენტში გააუქმა, თუმცა ამჯერად, ბაზრის ხელსაყრელი პირობებისა და უკვე მოზიდული სოლიდური გარანტიების ფონზე, IPO გარდაუვალად მიიჩნევა.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ Pershing Square-ის საჯაროობა ჰეჯ-ფონდების მიმართ საცალო ინვესტორების ინტერესს გაზრდის და აკმანს უოლ-სტრიტის სხვა მენეჯერებიც მიჰბაძავენ.
ცნობისთვის, ბილ აკმანი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ინვესტორია, რომლის ჰეჯ-ფონდში თანხის დაბანდება აქამდე მხოლოდ უმდიდრესი მოქალაქეებისათვის იყო ნებადართული.




























