მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბილ გეიტსის თქმით, AI სამუშაო კვირას ორ დღემდე შეამცირებს

ბილ გეიტსი

Microsoft-ის დამფუძნებლის, მილიარდერი ბილ გეიტსის პროგნოზით, ტექნოლოგიური განვითარება, განსაკუთრებით ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით, სამუშაო კვირას, სავარაუდოდ, 2 დღემდე შეამცირებს და ეს მომდევნო ათწლეულის განმავლობაში მოხდება.

ბილ გეიტსის თქმით, ხელოვნური ინტელექტი ადამიანებს სექტორთა "უმრავლესობაში" ჩაანაცვლებს. როგორც მან გადაცემა "The Tonight Show with Jimmy Fallon"-ში სტუმრობისას ისაუბრა, ამჟამად AI-ს სპეციალიზებული ცოდნა აკლია და ისეთი პროფესიები, როგორებიცაა ექიმები და მასწავლებლები, კვლავ აუცილებელია, მაგრამ მომდევნო ათწლეულმა შესაძლოა, დრამატული ცვლილებები მოიტანოს.

"გარკვეულწილად ყოვლისმომცველია, რადგან უამრავ კონკრეტულ პრობლემას ჭრის. მაგალითად, ჩვენ არ გვყავს საკმარისი ექიმები ან ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტები, მაგრამ AI-ს თან ახლავს უამრავი ცვლილება. როგორი იქნება სამუშაო ადგილები? უნდა ვიმუშაოთ კვირაში მხოლოდ 2 ან 3 დღე? მომწონს, თუ როგორ წაახალისებს ეს ინოვაციებს, მაგრამ ვფიქრობ, ცოტა ამოუცნობია, შევძლებთ თუ არა მის სწორად ფორმირებას.

ის ძალიან ძლიერი და ცოტა საშიშიც კია - რადგან ეს ძალიან სწრაფად ხდება და ზედა ზღვარი არ არსებობს", - განაცხადა ბილ გეიტსმა.

Microsoft-ის თანადამფუძნებელი მიიჩნევს, რომ "თავისუფალი ინტელექტის" ეს ახალი ტექნოლოგიური ეპოქა საზოგადოებას აიძულებს, პასუხი გასცეს რთულ კითხვებს იმის შესახებ, თუ რა როლების შესრულებას გააგრძელებენ ადამიანები. გეიტსის აზრით, ძალიან ცოტა პროფესია გადაურჩება კრიტიკულ შემოწმებას.

აღსანიშნავია, რომ სამუშაო კვირის შემცირებაზე ქვეყნები აქტიურად მუშაობენ და ზოგიერთი კომპანია წარმატებითაც ნერგავს 4-დღიანი სამუშაო კვირის მოდელს. თუმცა სამუშაო საათების 2 დღემდე დაყვანა, ჯერჯერობით, განხილვის აქტიური საგანი არ არის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები