კრიპტოინდუსტრიის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი სასამართლო დავა მორიგებით დასრულდა.
მსოფლიოს უმსხვილეს კრიპტობირჟა Binance-ს 4 მილიარდ 300 მილიონი დოლარის მოცულობის ჯარიმის გადახდა დაეკისრა. კომპანიის დამფუძნებელს, ჩანგპენგ ჟაოს კი აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობის დატოვა მოუწია.
ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებით, Binance-ს ბრალად ედება: ფულის გათეთრება, არალეგალური ტრანზაქციების გატარება, საერთაშორისო სანქციების დარღვევა და ულიცენზიოდ ოპერირება. ბრალდებები საკმაოდ მძიმეა და კომპანიის ხელმძღვანელობა საკუთარ დანაშაულსაც აღიარებს, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ Binance-ს ბაზრის მანიპულირებაში, თაღლითობასა და მომხმარებლების აქტივების მიტაცებაში ბრალი არ უმტკიცდება, რაც იმას ნიშნავს, რომ კრიპტობირჟის საქმიანობით კლიენტებს ზარალი არ მიუღიათ.
უშუალოდ ჩანგპენგ ჟაოს ბრალად ედება საბანკო საიდუმლოების გათქმა და სწორედ ამიტომ მას 3 წლით აეკრძალა Binance-ის მენეჯმენტში ყოფნა და კომპანიის საქმიანობაში ჩარევა.
გარდა ამისა, მარეგულირებელი ორგანო Binance-ში სპეციალურ საზედამხედველო დეპარტამენტს შექმნის, რომელიც დამოუკიდებლად უზრუნველყოფს კრიპტობირჟის საქმიანობის მონიტორინგს. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ამერიკის ფინანსური სამსახურის წარმომადგენლები Binance-ის ოფისში 24 საათის განმავლობაში იქნებიან.
კონტროლის ასეთი მკაცრი მექანიზმის დაწესება იმიტომ გახდა აუცილებელი, რომ Binance-ი გლობალურ კრიპტობაზრის თითქმის 80%-ს აკონტროლებს და მას ინდუსტრიაზე კოლოსალური გავლენა აქვს. გარდა ამისა, გამოძიებიდან ირკვევა, რომ Binance-მა ტრანზაქციების გატარების ნება მისცა: ISIS-ის, ალ-კაიდას, ჰამასის, ირანისა და სირიის სანქცირებულ მოქალაქეებს. ამ ყველაფრის გამო, ახლა Binance-ს მსოფლიოს ყველა მარეგულირებელი ორგანო გამადიდებელი ლუპით აკვირდება.
კრიპტობირჟასთან დაკავშირებით სიახლეები მხოლოდ ამით არ ამოწურულა, Binance-ის ახალ დირექტორად რიჩარდ ტენგი დაინიშნა, რომელიც ადრე რეგიონული ბაზრების განვითარების ხელმძღვანელი იყო.
ჩანგპენგ ჟაოს განცხადებით, ის სრულად ჩამოშორდება Binance-ის მართვას და დამსახურებული შვებულებით ისარგებლებს, რომლითაც მას ბოლო 6 წელიწადია არ უსარგებლია.