მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BINANCE-ის დამფუძნებელმა 3 წელი პატიმრობაში უნდა გაატაროს – აშშ-ის პროკურატურა

Binance CZ

ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებით, მსოფლიოს უმსხვილესი კრიპტობირჟის, Binance-ის დამფუძნებელმა, ჩანგპენგ ჟაომ 3 წელი პატიმრობაში უნდა გაატაროს.

პროკურატურის მტკიცებით, სასამართლოს მიერ ჟაოზე დაკისრებული ფულადი ჯარიმა საკმარისი არ არის მის დასასჯელად, რადგან Binance-ის დამფუძნებელი წლების განმავლობაში აქტიურად არღვევდა საერთაშორისო სანქციებს და ჩართული იყო ფულის გათეთრების სქემაში, რომლის დახმარებით მან მილიარდობით დოლარის შემოსავლის მიღება შეძლო. სწორედ ამიტომ, როგორც პროკურატურა ამბობს, ჩანგპენგ ჟაო სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს და მას თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოს, რათა ეს სხვა თაღლითებისთვის იმის მკაფიო მაგალითად იქცეს, რომ მხოლოდ ჯარიმის გადახდით ისინი მართლმსაჯულებას თავს ვერ აარიდებენ.

ჩანგპენგ ჟაოს ადვოკატები ამტკიცებენ, რომ მსგავსი სიმძიმის სასჯელი აშშ-ის ისტორიაში არცერთ ისეთ ადამიანს არ მიუღია, რომელიც ფინანსურ დანაშაულთან იყო დაკავშირებული, ამიტომ Binance-ის დამფუძნებლისთვის პატიმრობის მისჯა არაპროპორციული სასჯელია. გარდა ამისა, დაცვის მხარე იმასაც აღნიშნავს, რომ Binance-მა უპრეცედენტო მოცულობის ჯარიმის გადახდაზე განაცხადა თანხმობა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ჟაო თავის დანაშაულზე პასუხისმგებლობას იღებს და შესაბამისად პასუხისგებისთვის მზადაც არის.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ Binance-ს 4 მილიარდ 300 მილიონი დოლარის მოცულობის ჯარიმის გადახდა დააკისრა. კომპანიის დამფუძნებელს, ჩანგპენგ ჟაოს კი აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობის დატოვა მოუწია.

ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებით, Binance-ს ბრალად ედება: ფულის გათეთრება, არალეგალური ტრანზაქციების გატარება, საერთაშორისო სანქციების დარღვევა და ულიცენზიოდ ოპერირება. ბრალდებები საკმაოდ მძიმეა და კომპანიის ხელმძღვანელობა საკუთარ დანაშაულსაც აღიარებს, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ Binance-ს ბაზრის მანიპულირებაში, თაღლითობასა და მომხმარებლების აქტივების მიტაცებაში ბრალი არ უმტკიცდება, რაც იმას ნიშნავს, რომ კრიპტობირჟის საქმიანობით კლიენტებს ზარალი არ მიუღიათ.

უნდა აღინიშნოს, რომ Binance-ი გლობალურ კრიპტობაზრის თითქმის 80%-ს აკონტროლებს და მას ინდუსტრიაზე კოლოსალური გავლენა აქვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები