მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BINANCE US-ის აქტივების გაყინვაზე აშშ-ის სასამართლომ უარი განაცხადა

648acca5127fc
გიორგი თოლორდავა
15.06.23 12:54
1044
ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურმა სასამართლომ უარი განაცხადა დაეკმაყოფილებინა საფონდო ბირჟების მარეგულირებელი კომისიის საჩივარი, რომელიც Binance US-ის აქტივების გაყინვას მოითხოვდა.

კომისიის განცხადებით, დაუყოვნებლივ უნდა გაყინულიყო ამერიკაში ბაზირებული Binance US-ის აქტივები, დეპოზიტები და პორტფელი, რათა გამოძიების გასრულებამდე კომპანიის ხელმძღვანელებს ანგარიშებიდან თანხის გატანის შესაძლებლობა არ ჰქონოდათ. ზემოხსენებული სანქცია უნდა გავრცელებულიყო მხოლოდ Binance US-ზე და არც საერთაშორისო კრიპტობირჟა Binance.com-ზე, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ოპერირებს, მათ შორის საქართველოშიც.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, მსგავსი სიმკაცრის შეზღუდვის დაწესების არავითარი აუცილებლობა არ არსებობს და კრიპტობირჟამ შეუფერხებლად უნდა განაგრძოს ოპერირება, მიუხედავად იმისა, რომ მას კომისია 13 მუხლის დარღვევაში ედავება.

მოსამართლე ემი ჯექსონის განცხადებით, საგამოძიებო პროცესი უნდა გაგრძელდეს, ბრალდების მხარემ კი საკუთარი პოზიციის გასამყარებლად მტკიცებულებები უნდა წარმოადგინოს, Binance US-ის მხარეს კი საპასუხო არგუმენტების მოსამზადებლად ადეკვატური დრო უნდა მიეცეს, ეს ყველაფერი კი ისე უნდა მოხდეს, რომ კრიპტობირჟის მომხმარებლები არ დაზარალდნენ.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ამერიკის შეერთებული შტატების ფასიანი ქაღალდებისა და საფონდო ბირჟების მარეგულირებელმა კომისიამ (SEC) მსოფლიოს უმსხვილესი კრიპტობირჟის, Binance-ის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

ფინანსური მარეგულირებელი კრიპტობირჟას 13 მუხლის დარღვევით ედავება, მათ შორისაა: ფულის გათეთრება, ბუღალტრული ანგარიშების წესების დარღვევა, არალეგალური ტრანზაქციების განხორციელება, მომხმარებლების თანხების არასათანადოდ განკარგვა, აშშ-ის ფინანსური კანონმდებლობის დარღვევა და არარეგისტრირებული ფასიანი ქაღალდების რეალიზება.

SEC-ის განცხადებით, Binance-ის ხელმძღვანელობა საერთაშორისო ფინანსურ დანაშაულშია ბრალდებული, ამ მრავალმილიარდიანი სქემის მიღმა კი კომპანიის დამფუძნებელი, ჩანგპენგ ჟაო დგას.

ამერიკული მარეგულირებლის ბრალდებას ჩანგპენგ ჟაო თავად გამოეხმაურა და განაცხადა, რომ Binance-ის გუნდი ბრალდებებს უარყოფს და კრიპტობირჟა ზედმიწევნით იცავს ამერიკულ და საერთაშორისო რეგულაციებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები