მოლოდინი, რომ უძრავი ქონების ფასი შემცირდება, არასწორია. ბინები ვერ გაიაფდება, რადგან არცერთი კომპონენტი, რომელიც მშენებლობისთვის აუცილებელია, არ გაიაფებულა - ამის შესახებ BMGtv-ის გადაცემა "წერტილში" არქიტექტორი, „არსის“ დამფუძნებელი, ირაკლი როსტომაშვილი საუბრობს.
"ბინები ვერ გაიაფდება და ეს მინდა, რომ აუდიტორიისთვის ძალიან გასაგებად ავხსნა. აშენებული საცხოვრებელი კომპლექსი შედგება 500 სხვადასხვა დასახელების პროდუქციისგან. მიწა, ლურსმანი, ცემენტი, ელექტროდი, კერამიკული ფილა, საწვავი, არმატურა და მოკლედ, ყველაფერი. აქედან, ვერ დამისახელებთ ვერცერთს, რომელიც ბოლო პერიოდში გაიაფდა. პირიქით, ყველაფერი გაძვირდა. ეს კრებსითი მასალები, პლუს კომუნალური მომსახურებები, ქსელებში ჩართვები, ყველაფერი გაძვირდა.
ბინები რომ გაიაფდეს, მაშინ მშენებლობა აზრს კარგავს. სხვა ბიზნესისაგან განსხვავებით, უძრავ ქონებას ის პლუსი აქვს, რომ მალფუჭებადი არ არის. ჩემი კომპანიის შემთხვევაში გეტყვით, რომ ლოგიკურ ფასად თუ ვერ გავყიდით 100 ბინას, არ გავყიდით. გამორიცხულია, რომ წაგებით გავყიდოთ. ყველაფერი აშენებულია ინვესტორების მიერ ინვესტირებული თანხებით, გამორიცხულია, რომ თვითღირებულებაზე იაფად გავყიდოთ. მგონია, რომ ასეა ყველა კომპანია.
ისიც ვიცი, რომ ელოდებიან მოთხოვნის შემცირების გამო, ბინებზე ფასის კლებას. როდესმე გაიაფებულა, ეს მოლოდინი ოდესმე გამართლებულა!?", - თქვა როსტომაშვილმა "წერტილში".
ცნობისთვის, Galt & Taggart-ის “საცხოვრებელი უძრავი ქონების” კვლევის თანახმად, 2024 წლის ივნისში, $228.5 მლნ-ის ღირებულების 2 957 ბინა გაიყიდა. გაყიდული ბინების რაოდენობაში წლიურად 21.9%-იანი, თვიურად კი 7.5%-იანი კლება ფიქსირდება.