მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბინების მშენებლობა ბათუმის ცენტრიდან გარეუბანში გადადის“ – Galt & Taggart-ის მიმოხილვა

ბათუმი ბინები

Galt & Taggart-ის ბათუმის, ბაკურიანისა და გუდაურის საცხოვრებელი ბინების ბაზრის მეორე კვარტლის მიმოხილვის მიხედვით, ბათუმში ამ პერიოდისთვის 3 944 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 10.2%-იანი და კვარტალურად 10.0%-იანი კლებაა.

მიმოხილვის ავტორები აღნიშნავენ, რომ ეს შემცირება ძირითადად პირველად ბაზარზე გაყიდვების კლებით (-15.9% წ/წ) იყო განპირობებული; ამასთან, მეორად ბაზარზე ბევრად ნაკლები შემცირება დაფიქსირდა (-1.8% წ/წ). 

„საცხოვრებელი ბინების მშენებლობა ეტაპობრივად ბათუმის ცენტრალური უბნებიდან ბათუმის შემოგარენში გადადის (გონიო/ქობულეთის სანაპირო ზოლის გასწვრივ). ეს აიხსნება, ბათუმში მიწის მწირი რესურსებით“, - ნათქვამია მიმოხილვაში.

ამავე მონაცემებით, 2023 წლის პირველ ექვს თვეში მცირე და საშუალო ზომის ბინების გაყიდვებმა (26-80მ2) ბაზრის 90.1% შეადგინა. ასევე, შეიმჩნევა მოთხოვნის ცვლილება ბიუჯეტური/საშუალო სეგმენტის ბინებიდან პრემიუმ სეგმენტის ბინებზე.

2023 წლის მეორე კვარტალში, ბინების ფასი ყველაზე მეტად, წლიურად 33%-ით პირველად ბაზარზე გაიზარდა და 1 219 დოლარი შეადგინა, ხოლო მეორად ბაზარზე შედარებით მცირე - 15.7%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ამასთან, ფასები ყველაზე მეტად გონიო-კვარიათსა (+67.7% წ/წ) და ბათუმის შიდა არეალში (+45.2% წ/წ) გაიზარდა.

მეორე კვარტალში, ბათუმში სულ 209.5 მლნ დოლარის ღირებულების ბინა გაიყიდა, რაც წლიური 5%-იანი და კვარტალური 7.5%-იანი შემცირებაა.

Galt & Taggart-ის  მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ ბათუმის, ბაკურიანისა და გუდაურის საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვები დიდწილად დამოკიდებულია უცხოელ მყიდველებზე. შესაბამისად, ეს ბაზრები კოვიდპანდემიამ მნიშვნელოვნად დააზარალა.

2022 წელს ამ ბაზრებზე უძრავ ქონებაზე მოთხოვნა გაზარდა ტურიზმის აღდგენამ და მიგრანტების ნაკადმა, რამაც უძრავი ქონების ფასების ზრდა გამოიწვია. ამ ფაქტორებთან ერთად ფასების ზრდაზე იმოქმედა გაზრდილმა ხარჯებმა (სამშენებლო მასალები, ხელფასები და მიწა). აღსანიშნია, რომ 2023 წლის დასაწყისიდან საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე მოთხოვნა შენელდა, თუმცა ფასები კვლავ მაღალ ნიშნულზეა.  ამჟამად ბათუმში 167 პროექტის მშენებლობა მიმდინარეობს, ბაკურიანში – 18, ხოლო გუდაურში – 9. ჩვენ ველით, რომ მდგრადი მიწოდება და სამშენებლო მასალების დასტაბილურებული ფასები შეანელებს ფასების ზრდას ამ რეგიონებში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები