მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბიოლის" ველნეს ვილების პროექტი გაჩერებულია - "კონცეფცია მოეწონათ... საქართველო რომ ვახსენეთ, თავი შეიკავეს"

თამაზ მჭედლიძე

“ბიოლის” დამფუძნებლის, ბიზნესმენ თამაზ მჭედლიძის განცხადებით, დაახლოებით ორი წლის წინ დაანონსებული ველნეს ვილების პროექტი გაჩერებულია. მისივე თქმით, საინვესტიციო ვილების კონცეფცია დუბაიში გამართულ გამოფენაზე ძალიან მოეწონათ, თუმცა საქართველოში ინვესტირების სურვილი არ გამოთქვეს.

“დუბაიში გამოფენაზე რომ ვიყავით, ჩვენს სტენდთან რიგები იყო. კონცეფცია რომ ნახეს, ყველა გაოცებული დარჩა, მაგრამ რომ იკითხეს, სად მდებარეობსო და საქართველო ვახსენეთ, ყველამ თავი შეიკავა. იაფად გაყიდვა კიდევ არ გვინდა. თუ გავყიდით, უნდა მივყიდოთ მდიდარს, რომელიც ქართველებს თავისი ინვესტიციით გვახეირებს, თუმცა როგორც გვითხრეს, ევროკავშირში რომ შეხვალთ, მერე გაიზრდება “თქვენი ფასიო”, ველოდები, როდის წავა ჩვენი ფასი ზემოთ”, - განაცხადა თამაზ მჭედლიძემ.

მისივე თქმით, ვილების პროექტი მზადაა, დაინტერესების შემთხვევაში თითო ვილის საფასური 3,5 მლნ დოლარია და ის მსურველს 50 წლით გადაეცემა საკუთრებაში. პროექტი მაღალშემოსავლიან ტურისტებზეა გათვლილი, რომლებიც ჯანსაღი ცხოვრების წესს მიჰყვებიან და ქვეყანაში უძრავი ქონების საკუთრებით არიან დაინტერესებულნი.

აღსანიშნია, რომ თამაზ მჭედლიძემ ველნეს კურორტ "ბიოლის" მოწყობა, ქვეყანაში ჯანსაღი ცხოვრების ინდუსტრიის შექმნის მიზნით, 2005 წლიდან დაიწყო, რისთვისაც ამ დრომდე 43 მლნ დოლარი ინვესტიცია აქვს განხორციელებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები