მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიოტექნოლოგიურმა კომპანია Argenx-მა Forte Biosciences-ი $2.2 მილიარდად შეიძინა

argenx

გლობალურმა იმუნოლოგიურმა კომპანია argenx-მა ამერიკული Forte Biosciences-ის $2.2 მილიარდად შეძენის შესახებ საბოლოო შეთანხმება გააფორმა. როგორც ირკვევა, გარიგების ფარგლებში argenx-ი Forte Biosciences-ის აქციებს ნაღდი ანგარიშსწორებით, თითო აქციაში $77-ად გამოსყიდის, რაც აქციების საშუალო შეწონილ ფასზე 86%-ით მეტია. შეთანხმება ორივე კომპანიის დირექტორთა საბჭომ უკვე დაამტკიცა და პროცესის დასრულება 2026 წლის მესამე კვარტალშია მოსალოდნელი.

აღსანიშნავია, რომ გარიგების შედეგად argenx-ი საკუთარ პორტფელში დაიმატებს პირველი კლასის anti-CD122 ანტისხეულ "FB102"-ს, რომელიც ავტოიმუნური დაავადებების მკურნალობაზეა ორიენტირებული. პრეპარატმა ვიტილიგოსა და ცელიაკიის კლინიკურ კვლევებში მაღალი ეფექტიანობა უკვე დააფიქსირა, წლის მეორე ნახევარში კი მეორე ფაზის შედეგებს ელოდებიან. ამასთან, მედიკამენტს ალოპეციისა და სხვა მძიმე იმუნოლოგიური დარღვევების მართვის პოტენციალიც აქვს.

რაც შეეხება თავად გარიგების მონაწილე კომპანიებს, argenx-ს, ის გლობალურ ბიოფარმაცევტულ კომპანიად მიიჩნევა, რომელიც მძიმე ავტოიმუნური დაავადებების ინოვაციურ მკურნალობაზეა ორიენტირებული. საკუთარი იმუნოლოგიური ინოვაციების პროგრამის ფარგლებში ის სამეცნიერო ინოვაციების პრაქტიკულ მედიკამენტებად ქცევას უწყობს ხელს. კომპანიამ შექმნა და ბაზარზე პირველმა გაიტანა Neonatal Fc Receptor-ის ბლოკერი, ამჟამად კი საკუთარი პორტფელის გაფართოებას "ეფგარტიგიმოდის", "ემპასიპრუბარტის", "ადიმანებარტისა" და სხვა ანტისხეულების მეშვეობით აგრძელებს.

რაც შეეხება Forte Biosciences-ს, ის ამერიკული ბიოფარმაცევტული კომპანიაა და ძირითად რესურსებს ინოვაციური "FB102" მედიკამენტის განვითარებისკენ მიმართავს. კომპანია ორიენტირებულია ისეთი პრეპარატების შექმნაზე, რომლებსაც ავტოიმუნური და მასთან დაკავშირებული დაავადებების ფართო სპექტრის მკურნალობა შეუძლიათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები