მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Marvell Technology-ი $115 მილიარდად კომპანია Lumentum-ს ყიდულობს

Marvel Lumentum

ხელოვნური ინტელექტის ბუმისა და მონაცემთა ცენტრებზე მზარდი მოთხოვნის ფონზე, ჩიპების მწარმოებელი Marvell Technology-ი ოპტიკური კომპონენტების მიმწოდებელ Lumentum-ს ყიდულობს.

გარიგების ღირებულება $115 მილიარდს შეადგენს და ის მთლიანად აქციების გაცვლის გზით განხორციელდება.

აღსანიშნავია, რომ ეს 2026 წლის ერთ-ერთი უმსხვილესი კორპორაციული შეთანხმებაა, ხოლო თავად Marvell-ისთვის - ყველაზე დიდი შენაძენი 2021 წელს Inphi-ის $10 მილიარდად გამოსყიდვის შემდეგ. ამ ნაბიჯით კომპანია უფრო მსხვილ მეტოქესთან, Broadcom-თან კონკურენციის გამძაფრებას გეგმავს, რომელიც წლებია Google-ის მთავარი პარტნიორია და მომხმარებლებს მონაცემთა ცენტრების აღჭურვილობის ფართო სპექტრს სთავაზობს.

Lumentum-ის დახმარებით, რომელიც მოცულობით მყიდველზე დაახლოებით ორჯერ პატარაა, Marvell-ი მაღალსიჩქარიანი ოპტიკური კომპონენტების წარმოებას გააფართოებს.

აღსანიშნავია, რომ ტექნოლოგიური გიგანტების მიერ ჩეთბოტებისა და ხელოვნური ინტელექტის აგენტების აქტიურმა დანერგვამ ათასობით ჩიპის დამაკავშირებელ სწრაფ ოპტიკურ ქსელებზე მოთხოვნა მკვეთრად გაზარდა, რაც მიწოდებას უკვე აჭარბებს.

ფოტონიკის მიმართულების გასაძლიერებლად კომპანიამ თებერვალში $3.5 მილიარდად Celestial AI-ც შეიძინა, მიმდინარე წლის დასაწყისში კი გიგანტმა Nvidia-მ როგორც Marvell-ში, ისე Lumentum-ში $2-$2 მილიარდის ინვესტიცია განახორციელა.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ამერიკულ Coherent-თან და ჩინურ Zhongji Innolight-თან დაპირისპირებულ Lumentum-ს აშშ-ში ახალი ჩინური ოპტიკური გადამცემების შესაძლო აკრძალვაც დაეხმარება, რაც მოთხოვნას ადგილობრივ მომწოდებლებზე გადაამისამართებს.

ცნობისთვის, სულ რაღაც სამი წლის წინ Marvell-ი ნაკლებად ცნობილი მწარმოებელი იყო, თუმცა Amazon-ისა და სხვა გიგანტებისთვის სპეციალიზებული ჩიპების შექმნის წყალობით, მისმა საბაზრო კაპიტალიზაციამ $170 მილიარდს გადააჭარბა, წლიური შემოსავალი კი 2021 ფისკალური წლის $3 მილიარდიდან 2026 წელს $8.2 მილიარდამდე გაიზარდა.

აგვისტოში კომპანიამ Google-თანაც გააფორმა უმსხვილესი კონტრაქტი, რომელიც 2033 ფისკალურ წლამდე $120 მილიარდამდე ღირებულების ჩიპების მიწოდებასა და საძიებო გიგანტის მიერ $12.2 მილიარდის წილის გამოსყიდვის უფლებას ითვალისწინებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები