მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიოწარმოება და ეკოინოვაციები - „უდაბნოს“ მდგრადი მომავალი

625e8f6f3a9e1
BM.GE
19.04.22 15:14
1589
რამდენიმე წლის წინ „აჭარა ჯგუფმა“ კახეთში 4 000 ჰექტარი მიწა შეიძინა და ფერმერულ მეურნეობად აქცია. კომპანიას „უდაბნო“ დაარქვეს. იმ პერიოდში იქაურობა მართლაც უდაბნოს ჰგავდა, მაგრამ ნელ-ნელა, საერთო ძალისხმევით და ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებით, ეს ადგილი სრულიად შეიცვალა და ოაზისს დაემსგავსა.

დღესდღეობით „უდაბნო“ რამდენიმე მიმართულებით ვითარდება, რომელთაგან ყველაზე მასშტაბური 2 000 ჰექტარზე გაშენებული ნუშის ბაღებია. გარდა ამისა, გაშენდა კენკრის პლანტაციები და მცირე ვენახები, სადაც არაერთი ენდემური ჯიშის ვაზია. სამომავლოდ აპირებენ მერძევეობის ფერმის განვითარებასაც, რისთვისაც კომპანიამ კამეჩები და თხები შეისყიდა. იგეგმება „ფერმიდან მაგიდაზე“ კონცეფციის სასტუმროსა და რესტორნის გახსნა, რომლებიც, „აჭარა ჯგუფის“ სხვა ობიექტების მსგავსად, ამ ტერიტორიაზე მოყვანილი ხილითა და ბაღჩეულით მომარაგდება. მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მოყვანილი ბიოპროდუქტია.

ბიოწარმოება და ეკოინოვაციები „უდაბნოს“ წამყვანი მიმართულებაა, რომელთაც დიდი ყურადღება ექცევა. ჯანსაღი პროდუქცია, უნარჩენო წარმოება და გარემოზე ნაკლები ზემოქმედება - ასეთია დღესდღეობით კომპანიის კონცეფცია, რომელზეც მისი დირექტორი, გოდერძი მეტრეველი გვესაუბრება.

„უდაბნო“ „აჭარა ჯგუფის“ ერთ- ერთი მნიშვნელოვანი პროექტია, რომელმაც არცთუ დიდი ხნის არსებობის მიუხედავად, მოახერხა აგრობიზნესში თავის დამკვიდრება. რამ განაპირობა პროექტის წარმატება და რა როლი ჰქონდა მასში ეკოინოვაციას?

საწყის ეტაპზე, როცა ამ სფეროში საქმიანობას ვგეგმავდით, ეკოინოვაციის მიმართულების განვითარებაზე არ გვიფიქრია. ეს ყველაფერი ჩვენს პროექტებში ნელ-ნელა, ეტაპობრივად შემოვიდა. თავდაპირველად ვცდილობდით, გავცნობოდით მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მოქმედი წამყვანი აგრობიზნესკომპანიების გამოცდილებას. ამერიკის ლიდერი კომპანიებისგან შევისწავლეთ თანამედროვე ტექნოლოგიები. მათ შორის, ნუშის უმსხვილესი კალიფორნიელი მწარმოებლის Blue Diamond-ის მუშაობის პროცესი და განვითარება. გავეცანით მათ მიდგომას ბიოპროდუქციის მიმართ, სხვადასხვა მეთოდიკას - გარემოსთვის ნაკლები ზიანის თვალსაზრისით. შევისწავლეთ ეკონომიური საირიგაციო სისტემების პრინციპები, ზუსტი და სწორი კვების მენეჯმენტი, Zero preparation მეთოდი, რაც გულისხმობს გაუდაბნოების წინააღმდეგ ბრძოლას და ხელს უშლის ეროზიას. ეს ცოდნა ეტაპობრივად შემოგვქონდა ჩვენს საქმიანობაში. პროექტის წარმატებას ესეც დაეხმარა. სხვათა შორის, იმ ტექნოლოგიების დანერგვას, რაც 2016 წელს გამოვიყენეთ, ახლა იწყებს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO).

უფრო კონკრეტულად გვიამბეთ - რა სახის ეკოინოვაციური მეთოდები დაინერგა კომპანიაში და რას გეგმავთ სამომავლოდ? როგორ იმოქმედებს მსგავსი მიდგომა „უდაბნოს“ იმიჯსა და მდგრად განვითარებაზე?

კომპანია „უდაბნო“ ეკოინოვაციების მიმართულებით არაერთი პროექტის განხორციელებას აპირებს. ნაწილი ამჟამადაც მიმდინარეობს, ნაწილი - დაგეგმარების პროცესშია. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი - ნუშის ნაჭუჭისგან ბიომასის შექმნას უკავშირდება.

ამ ტექნოლოგიის სარგებელი, პირველ რიგში ისაა, რომ მივიღებთ განახლებად ენერგიას, რომელიც გაცილებით ეკოლოგიურია და წარმოებაში ჩაანაცვლებს დიზელის მოხმარებას; გარდა ამისა, მივიღებთ „ორგანიკა“ სასუქს, რომელსაც ჩვენსავე ბაღებში გამოვიყენებთ და დაეხმარება ნიადაგის გაკეთილშობილებას. და ბოლოს: ამავე ბიომასისგან დავამზადებთ საკვებს მსხვილ და წვრილფეხა ცხოველებისთვის. რასაკვირველია, მსგავსი მიდგომა კომპანიის მომავალზე სასიკეთოდ აისახება.

რომელიმე უცხოური კომპანიის გამოცდილება თუ გაიზიარეთ და რამდენად შეიძლება თქვენი საქმიანობა გახდეს სტიმული სხვა მსხვილი კომპანიებისთვის - დანერგონ ეკოეფექტური და ორგანული მეთოდები სუფთა და ჯანსაღი პროდუქტების მისაღებად და გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირებისთვის?

კონკრეტულად ერთ რომელიმე კომპანიას ვერ დავასახელებთ - არაერთ პროფესიონალთან ვითანამშრომლეთ, რამაც არსებული შედეგი განაპირობა. ეკოეფექტური წარმოება ბევრისთვისაა ხელმისაწვდომი, მთავარია - სურვილი და ცოდნა. სოფლის მეურნეობაში მომუშავე ნებისმიერ კომპანიას, იმის მიუხედავად, დიდია თუ პატარა, იმდენი ნარჩენი აქვს, თავისუფლად შეუძლია ამ პროცესში მონაწილეობა: იქნება ეს ბიოგაზის წარმოება, მულჩისა და ანასხლავი ტოტებისგან საწვავის შექმნა თუ პალეტების გარდაქმნა მყარ საწვავად, რაც ეფექტურად გამოიყენება როგორც სასათბურე მეურნეობის კლიმატის კონტროლისთვის, ასევე სააგარაკე სახლების გასათბობად.

წარმატებული კერძო კომპანია სახელმწიფოს საიმედო საყრდენია. რაც მეტია მათი რიცხვი, მით უფრო ძლიერია ქვეყნის ეკონომიკა და მოსახლეობის ცხოვრების დონეც იზრდება. როგორია სახელმწიფოს როლი ეკოინოვაციების დანერგვისა და ხელშეწყობის მიმართულებით? რა სახის დახმარება და თანადგომა სჭირდება კერძო ბიზნესს ამ უმნიშვნელოვანეს საქმეში, რატომ არის მნიშვნელოვანი ამ ყველაფრის წახალისება?

თუ ვამბობთ, რომ ეკოინოვაციების დანერგვა ძალიან მნიშვნელოვანია, იმაზეც უნდა შევთანხმდეთ, რომ ამ თემის წახალისება, საზოგადოებისთვის მისი არსის უკეთ ახსნა და არსებული მიდგომების შესწავლაც არანaკლებ მნიშვნელოვანია.

ეკოინოვაციების დანერგვაში ძალიან კარგი გამოცდილება აქვს დანიას, გერმანიას, ავსტრიას. დღესდღეობით ამ თვალსაზრისით თურქეთიც საკმაოდ აქტიურია. საინტერესო იქნება მათი წარმომადგენლების ჩართულობა, ჩამოყვანა საქართველოში, მეტი ცოდნის მოწოდება, ტრენინგების გამართვა. ზოგადად, სოფლის მეურნეობაში კვალიფიციური კადრების ნაკლებობაა და ახალგაზრდების ინტერესიც დაბალია, ამიტომ ბევრ საგანმანათლებლო ღონისძიებას ვისურვებდით ამ მიმართულებით, სადაც ჩვენც სიამოვნებით მივიღებთ მონაწილეობას.

დღესდღეობით ნებისმიერ საშუალო ფერმერს შეუძლია საკუთარი ნარჩენებით საწვავის დამზადება, რასაც საქართველოში არავინ მიმართავს. უმეტესად, მხოლოდ გარემოს ვაბინძურებთ. ბაღებში მულჩის ფენის დახმარებით შევამცირებთ ჰერბიციდის გამოყენებას, კაპილარულ აორთქლებას, ნიადაგი საგრძნობლად გაკეთილშობილდება, შეიქმნება ნეშომპალა და ნარგავები უფრო მეტად განვითარდება. ამ ყველაფერს შესაბამისი ცოდნა, ინფორმაცია სჭირდება. სწორედ ადეკვატური ცოდნის მიწოდება-მიღებაა ამ სფეროში ჩართული მხარეების მთავარი ამოცანა.

რამდენადაც ვიცი, ორგანული წარმოება თქვენი საქმიანობის ამოსავალია - არ იყენებთ პესტიციდებს და ყველანაირად აკმაყოფილებთ ევროპულ სტანდარტს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე ძირითადად „აჭარა ჯგუფის“ გასტრონომიულ ობიექტებს ამარაგებთ, თუ გეგმავთ თქვენი პროდუქციის გატანას ქვეყნის გარეთ - ახალი ბაზრების მოძიებას და საქმიანობის გაფართოებას?

ევროპული სტანდარტი პესტიციდებისა და ჰერბიციდების სრულად ამოღებას არ ითვალისწინებს. არსებობს დასაშვები ნორმები და სწორედ ამ ნორმების დაცვაა მნიშვნელოვანი. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მრავალწლიან კულტურებში დასაშვებზე ბევრად დაბალ პროცენტს ვიყენებთ, ერთწლიანი კულტურებისა და მევენახეობიდან კი ყველანაირი ქიმიური ნივთიერება გვაქვს ამოღებული და მთლიანად ნატურალურ, უსასუქო ბიოპროდუქტს ვქმნით.

ბიოპროდუქცია ჩვენი კომპანიის პრიორიტეტია და ვაპირებთ, კიდევ უფრო დავიხვეწოთ ამ მიმართულებით. ამასთან, რაც უფრო გაიზრდება მოთხოვნა ეკო და ბიოპროდუქტზე, მით მეტად გავზრდით წარმოებასაც. ეს სასარგებლო იქნება ყველასათვის: ბაზარსაც გააჯერებს და ჩვენს განვითარებასაც წაადგება.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის - ,,ევროკავშირი გარემოსთვის“ (EU4Environment) ფარგლებში გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი და გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა ახორციელებენ პროექტს, რომელიც ითვალისწინებს ეკოინოვაციური მიდგომების პოპულარიზაციას საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოებში. კონკურსის შედეგად შერჩეულ კომპანიებს შორის არის „უდაბნო“. რატომ გადაწყვიტეთ ამ პროექტში ჩართვა და რითაა თქვენთვის მნიშვნელოვანი ეკოინოვაციური მეთოდოლოგიის დანერგვა?

როგორც აღვნიშნე, ეკოინოვაციები კომპანია „უდაბნოსთვის“ ძალზე მნიშვნელოვანია. გვინდა, ყველაფერი გავიგოთ მის შესახებ - შევისწავლოთ ახალი მიდგომები, თანამედროვე მეთოდიკა. ჩვენი მიზანია, მსოფლიოს არცერთ წამყვან კომპანიას არ ჩამოუვარდებოდეთ ამ თვალსაზრისით. შემდეგ უკვე ამ ცოდნას სხვა კომპანიებს გავუზიარებთ და ერთად შევუწყობთ ხელს ბიზნესისა და გარემოს განვითარებას, რათა ეს ყველაფერი ჰარმონიულად თანაარსებობდეს და არცერთი არ დაზიანდეს.

სტატია მომზადდა გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მიერ USAID/EWMI სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით.

გამოგვყევით გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის Facebook-გვერდზე   https://www.facebook.com/GCNgeorgia
(NS)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები