მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბირჟაზე კრიპტოაქტივების ფასები ეცემა - მიზეზები

6406efdc640ee
გიორგი თოლორდავა
07.03.23 12:31
1095
საერთაშორისო კრიპტობირჟაზე დაღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება - ერთ კვირაში ინდუსტრიის საერთო კაპიტალიზაცია თითქმის 4%-ით შემცირდა და ამჟამად 1.03 ტრილიონ დოლარს შეადგენს.

ბიტკოინის ფასი 22,400 დოლარის ფარგლებშია, აქტივის საბაზრო კაპიტალიზაცია კი 433 მილიარდ დოლარს შეადგენს. ბიტკოინის ფასი ერთ კვირაში 3.7%-ითაა შემცირებული.

რიგით მეორე უმსხვილესი კრიპტოაქტივი ეთერიუმი ამჟამად ბირჟაზე 1,570 დოლარად ივაჭრება, მისი კაპიტალიზაცია კი 192 მილიარდი დოლარის ფარგლებში მერყეობს. დაღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება სხვა ძირითად კრიპტოაქტივებთან მიმართებითაც.

კრიპტოვალუტების გაუფასურება პირდაპირ კავშირშია Silvergate Bank-თან, რომლის წინააღმდეგ აშშ-ში გამოძიება დაიწყო. მიმდინარე კვირას Silvergate-მა სრულად შეწყვიტა კრიპტო ტრანზაქციების გატარება.

Silvergate Exchange Network-ით კრიპტობირჟები და მათი მომხმარებლები აქტიურად სარგებლობდნენ, ბანკი ერთგვარი შუამავალის ფუნქციას ასრულებდა და კრიპტობირჟების კლიენტებს თანხის განაღდებაში ეხმარებოდა.

თავად Silvergate-ის ძირითად საქმიანობას კრიპტოტრანზაქციების გატარება და ციფრული აქტივების შენახვა წარმოადგენს. ბანკი კალიფორნიაში 1988 წელს დაფუძნდა, ათი წლის წინ კი ის თითქმის სრულად გადაერთო კრიპტოსერვისების მიწოდებაზე.

ამჟამად Silvergate-ის წინააღმდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოძიება მიმდინარეობს, რაც Silvergate-ის და გაკოტრებული კრიპტობირჟის, FTX-ის ურთიერთობით არის განპირობებული. ბანკის წარმომადგენლობის განმარტებით, კომპანიის კვარტალური შედეგების გასაჯაროება დაგვიანდება, რაც აუდიტორული კომპანიის მიერ დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნით არის განპირობებული. ინდუსტრიის ექსპერტების შეფასებით, აუდიტორი Silvergate-ის ფინანსურ შედეგებს არ ადასტურებს, რაც იმითაა განპირობებული, რომ ბანკის ანგარიშგებაში გარკვეული გარღვევის იდენტიფიცირება მოხდა.

აღნიშნული სიახლე, ბუნებრივია, ინვესტორებმა და ტრეიდერებმა უაღრესად ნეგატიურად მიიღეს. ამბის გავრცელებიან რამდენიმე საათში Silvergate-ის აქციები თითქმის 58%-ით შემცირდა, ერთწლიან ჭრილში კი ვარდნის მაჩვენებელი 98%-ს შეადგენს. გარდა ამისა, მსხვილმა კრიპტობირჟებმა და ციფრულმა კომპანიებმა დროებით Silvergate-თან საქმიანობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს, რაც კიდევ უფრო მეტად ამყარებს ზემოხსენებულ ეჭვებს.

ვითარების გამწვავების შემთხვევაში, არ არის გამორიცხული, რომ ბანკს გაკოტრების გამოცხადებაც მოუწიოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები