საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე დაღმასვლის მკვეთრი ტენდენცია ფიქსირდება - ერთკვირიან ჭრილში ბარელი ნავთობის ფასი საშუალოდ 3.5%-ითაა შემცირებული და ამჟამად Brent-ის ღირებულება 75 დოლარს შეადგენს; WTI-ის ფასი კი 72 დოლარის ფარგლებში მერყეობს. ერთთვიან პერიოდში ნავთობი 12%-ითაა გაიაფებული, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი ვარდნის მაჩვენებელი 32%-ია.
მკვეთრად ეცემა რუსული ნავთობის ფასიც, ბოლო სავაჭრო სესიაზე Urals-ის ღირებულება 6.5%-ით შემცირდა და ამჟამად ბარელის ფასი 58 დოლარს შეადგენს, რაც ერთ თვეში 10%-ით შემცირებული მაჩვენებელია, ერთწლიან პერიოდში კი რუსული ნავთობი ბირჟაზე 25%-ითაა გაიაფებული.
დაღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება ბუნებრივ აირთან მიმართებითაც, ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბით გაზი 74%-ითაა გაიაფებული; ერთ წელიწადში თითქმის 64%-ით გაიაფდა ევროპული გაზი; ხოლო ბრიტანეთში ბუნებრივი აირის ღირებულება 45%-ითაა შემცირებული.
ბირჟაზე არსებული ტენდენცია რიგი ეკონომიკური ფაქტორებითაა განპირობებული, პირველ რიგში, ამერიკაში საწარმოო ინდექსის მოცულობა მკვეთრად დაეცა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ აშშ-ის ეკონომიკა კრიტიკულ ნიშნულამდე ნელდება და შესაძლოა, ის რეცესიაშიც გადავიდეს.
გარდა ამისა, სწორედ დღეს ფედერალურმა რეზერვმა მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ანალიტიკოსების პროგნოზით, რეფინანსირების განაკვეთი დამატებით 25 საბაზო პუნქტით გაიზრდება, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ FED-ი ამით გაჩერდეს და მომდევნო შეხვედრაზე კიდევ ერთხელ მიიღოს განაკვეთის გამკაცრების გადაწყვეტილება, რაც, რა თქმა უნდა, რეცესიულ რისკებს კიდევ უფრო მეტად გაზრდის.