საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე ნავთობის ფასი ეცემა. ერთ კვირაში საქონლის ღირებულება 3%-ით შემცირდა და ამჟამად ბარელი ბრენტის ფასი 75 დოლარს შეადგენს, ამერიკული WTI-ს ფასი კი 70 დოლარის ფარგლებში მერყეობს. ერთთვიან პერიოდში ნავთობის ბირჟაზე საშუალოდ 8.5%-ითაა გაიაფებული.
ერთ თვეში 15.5%-ითაა შემცირებული რუსული ნავთობის ფასიც და ბარელი Urals-ის ღირებულება საშუალოდ 57 დოლარის ფარგლებში მერყეობს.
დაღმასვლის ტენდენცია შეინიშნება ბუნებრივ აირთან მიმართებითაც. ევროკავშირის მასშტაბით გაზის ფასი 5%-ითაა შემცირებული და ამჟამად მგვტ/საათი ენერგიის ღირებულება 36 ევროს შეადგენს. ერთ წელიწადში გაზი 73%-ითაა გაიაფებული.
ნავთობის გაიაფება პირდაპირ კავშირშია OPEC-ის გადაწყვეტილებასთან, რომელიც მომავალი წლიდან ნავთობის მიწოდების 1 მილიონი ბარელით შემცირებას გეგმავს. საქმე ისაა, რომ ბაზრის მოლოდინი 2.5 მილიონ ბარელზე იყო გათვლილი და 80-დოლარიანი საფასო ნიშნული სწორედ ამ სცენარით იყო განპირობებული, თუმცა OPEC-მა შედარებით კონსერვატიული ნაბიჯი გადადგა, რაც ინვესტორების მოლოდინებზე ნეგატიურად აისახა.