აშშ-ის მარეგულირებელი ორგანოს მხრიდან საბოლოო დასტურის გაცემისა და საფონდო ბირჟაზე ბიტკოინის სავაჭრო ფონდების, ანუ ETF-ების დალისტვის შემდეგ, ბიტკოინის და სხვა კრიპტოაქტივების ღირებულება მკვეთრად შემცირდა.
ერთკვირიან პერიოდში ბიტკოინის ვარდნის მაჩვენებელი 8%-ს აღწევს, მისი ღირებულება კი 43,000 დოლარის ფარგლებშია; ინდუსტრიის საერთო კაპიტალიზაცია 1 ტრილიონ 690 მილიარდ დოლარამდეა შემცირებული, რაც დაახლოებით 6%-იანი კორექციაა.
ექსპერტების შეფასებით, ETF-ის დამტკიცების ამბავი ბიტკოინის ფასში უკვე ისედაც იყო ასახული, შესაბამისად, ამ მოვლენის აღსრულების შემდეგ, აღარ არსებობდა საფუძველი, რატომ უნდა გაგრძელებულიყო ფასის ზრდის პროცესი. გასათვალისწინებელია, რომ ეს მსჯელობა მხოლოდ მოკლევადიან პერსპექტივას მოიცავს და ის არ ითვალისწინებს ბიტკოინის აღმასვლის მრავალწლიან ტენდენციას.
მომდევნო დიდი მოვლენა, რომელიც ბიტკოინს უკავშირდება, მიმდინარე წლის აპრილშია დაგეგმილი და ეს ჰალვინგია, ანუ მოვლენა, რომლის შემდეგ ბიტკოინის გამომუშავება განახევრდება, ბაზარზე კრიპტოაქტივის მიწოდება კი შეიზღუდება. ისტორიულად, ჰალვინგის შემდეგ ბიტკოინის ფასი ყოველთვის დრამატულად იზრდება და, შესაძლოა, გამონაკლისი არც 2024 წელი აღმოჩნდეს.