მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბირჟაზე გაზის ფასი ეცემა

გაზი

დასავლეთის მასშტაბით ბუნებრივი აირის ფასების შემცირების ტენდენცია ფიქსირდება. აშშ-ში გაზის ფასი ერთ თვეში 18%-ით შემცირდა; ბრიტანეთში კორექციის მაჩვენებელი 19%-ს შეადგენს; ევროკავშირში კი გაზის ღირებულება თვის განმავლობაში დაახლოებით 17%-ითაა შემცირებული.

ევროპაში მეგავატი/საათი ენერგიის ღირებულება 23 ევროს ფარგლებში მერყეობს, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი გაზის ფასი ბირჟაზე 52%-ითაა შემცირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთწლიან პერიოდში ენერგეტიკულ ბირჟაზე გაზი ყველაზე მეტად გაუფასურებული რესურსია.

წლიურ ჭრილში ფასების შემცირების მთავარი განმაპირობებელი მიზეზი მაღალი საბაზო ეფექტია, ანუ 2023 წელს დაფიქსირებული შედარებით მაღალი ფასი, რომლის ფონზე დასტაბილურებული ფასი ზედმეტად გაიაფებულად ჩანს, რაც ასე არ არის.

მოკლევადიან პერსპექტივაში, ბუნებრივი აირის გაიაფებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის ევროკავშირის ახალ ენერგეტიკულ სტრატეგიას, რომელიც ხარჯების შემცირებას და ენერგიის მაქსიმალურად დაზოგვას ითვალისწინებს, ეს სტრატეგია განსაკუთრებით ეფექტური მსხვილ საწარმოებთან მიმართებით აღმოჩნდა, რომლებიც ყველაზე დიდი რაოდენობით ენერგიას მოიხმარენ.

კიდევ ერთი ფაქტორი სტრატეგიული რეზერვების შევსებას უკავშირდება, ამჟამად ევროკავშირის ენერგეტიკული რეზერვების 100% შევსებულია, რაც იმის გარანტიას წარმოადგენს, რომ რეგიონში ბუნებრივი აირის მწვავე დეფიციტი არავითარ შემთხვევაში არ დადგება, მიუხედავად ცივი ამინდებისა.