საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე გაზის ფასი მკვეთრად იზრდება. ერთთვიან პერიოდში ევროპული გაზი 44%-ით გაძვირდა; თითქმის ანალოგიური დინამიკა შეინიშნება ბრიტანულ გაზთან მიმართებითაც.
ევროპის რეგიონში გაზის გაძვირება მოსალოდნელზე ცივ ზამთარს და ახალო აღმოსავლეთის რეგიონში გეოპოლიტიკური ვითარების გაუარესებას უკავშირდება. ირანთან დაკავშირებული რისკების ესკალაცია ბუნებრივ აირს აძვირებს, რადგან ყურის ქვეყნები ევროპის მთავარი მიმწოდებლები არიან, ამ რეგიონში კონფლიქტის გაღვივება კი მიწოდების პოტენციურ პრობლემებს და დეფიციტს წარმოქმნის, რაც გაზის გაძვირებას იწვევს.
გაცილებით რთული ვითარებაა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც ბუნებრივი აირის ფიუჩერსების ღირებულება ერთთვიან პერიოდში 55%-ზე მეტით გაიზარდა, რაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მკვეთრი ნახტომია.
ფასების ასეთი რადიკალური მატება ქვეყნის მასშტაბით მოსალოდნელმა სახიფათო ყინვამ და არქტიკულმა ციკლონმა გამოიწვია, რომელმაც აშშ-ის ტერიტორიის დიდი ნაწილი მოიცვა. სინოპტიკოსების პროგნოზით, ტემპერატურის მკვეთრი ვარდნა მნიშვნელოვნად გაზრდის მოთხოვნას გათბობაზე, რამაც ბაზარზე მიწოდების დეფიციტის შიში გააჩინა.
ანალიტიკოსების განმარტებით, ფასების ზრდას მხოლოდ გაზრდილი მოთხოვნა არ განაპირობებს; ექსტრემალური ყინვა საფრთხეს უქმნის თავად მოპოვების პროცესსაც, რადგან არსებობს ჭაბურღილების და მილსადენების გაყინვის რისკიც, რაც ავტომატურად ამცირებს ბუნებრივი აირის მიწოდებას.
განსაკუთრებული ყურადღება ტეხასსა და სხვა სამხრეთ შტატებზე მახვილდება, სადაც ინფრასტრუქტურა მსგავსი მკაცრი კლიმატური პირობებისთვის ნაკლებადაა მომზადებული.
ამ დროისთვის ბუნებრივი აირის ფასი 2022 წლის მაქსიმალურ ნიშნულზეა და მოსალოდნელია, რომ ის მომდევნო დღეების განმავლობაში ამ ზონაში შენარჩუნდება.




























