საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე აღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება. ერთკვირიან ჭრილში ბარელი ნავთობის ფასი საშუალოდ 3%-ითაა გაზრდილი და ამჟამად Brent-ის ფასი 87 დოლარს აღწევს, WTI-ს ფასი კი 84 დოლარის ფარგლებშია.
რაც შეეხება რუსულ ნავთობს, ბარელი Urals-ის ფასი 75 დოლარის ფარგლებში მერყეობს, რაც ერთ დღეში 2.5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ამჟამად რუსული ნავთობი საერთაშორისო ბირჟაზე დიდი შვიდეულის მიერ დაწესებულ საფასო ლიმიტზე 15 დოლარით უფრო ძვირად ივაჭრება.
აღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება ბუნებრივ აირთან მიმართებითაც. ევროკავშირის მასშტაბით გაზის ფასი საშუალოდ 5%-ითაა გაზრდილი და მეგავატი/საათი ენერგიის ღირებულება ამჟამად 55 ევროს შეადგენს, რაც ერთ კვირაში 43%-ით, ერთ თვეში კი 54%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
ენერგორესურსების გაძვირება ისრაელი-ჰამასის სამხედრო კონფლიქტსა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონში გეოპოლიტიკური ვითარების გაუარესებას უკავშირდება. ინვესტორები და ტრეიდერები შიშობენ, რომ კონფლიქტის გამწვავება ახლო აღმოსავლეთიდან ნავთობის ექსპორტის შეზღუდვას გამოიწვევს, თავად ეს რეგიონი კი ნავთობის გლობალური მარაგის უდიდეს ნაწილს აკონტროლებს.
გარდა ამისა, გასათვალისწინებელია OPEC-ის წევრის სახელმწიფოების გადაწყვეტილებები. სავარაუდოდ, რუსეთის ფედერაცია და საუდის არაბეთი ნავთობის მიწოდებას კიდევ უფრო მეტად შეამცირებენ, რაც ბაზარზე დეფიციტს გაამწვავებს.
შეგახსენებთ, რომ საუდის არაბეთმა ნავთობის წარმოება დღიურად 1.3 მილიონი ბარელით შეამცირა, რუსეთმა კი - 800,000 ბარელით. ამ ქმედების მიზანი ბირჟაზე ნავთობის ხელოვნურად გაძვირება და არაბეთ-რუსეთის შემოსავლების გაზრდაა.