მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბირჟაზე ნავთობის ფასი დაეცა - მიზეზები

ნავთობის ჭაბურღილი

საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე ნავთობის ფასი მკვეთრად ეცემა. ერთ კვირაში საქონლის ღირებულება 8%-ით შემცირდა და ამჟამად ბარელი ბრენტის ფასი 80 დოლარს შეადგენს, ამერიკული WTI-ს ფასი კი 75 დოლარის ფარგლებში მერყეობს. ერთწლიან პერიოდში ნავთობის ბირჟაზე საშუალოდ 13%-ითაა გაიაფებული.

ერთ თვეში 10%-ითაა შემცირებული რუსული ნავთობის ფასიც და ბარელი Urals-ის ღირებულება საშუალოდ 68 დოლარის ფარგლებში მერყეობს.

ნავთობის გაიაფება რიგი ფაქტორებითაა განპირობებული, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი კი ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბით ენერგორესურსებზე მოთხოვნის შემცირებაა. ენერგეტიკის ფედერალური ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ნავთობპროდუქტებზე მოთხოვნის შემცირება დღიურად 300,000 ბარელითაა მოსალოდნელი, ნაცვლად პროგნოზირებული 100,000-ბარელიანი კორექციისა.

გარდა ამისა, ნავთობის ღირებულებაზე ნეგატიურ ზეწოლას პლანეტის რიგით მეორე უმსხვილესი ეკონომიკა - ჩინეთი ზრდის, რომლის საწარმოო ინდექსის მოცულობა მკვეთრად დაეცა, რაც ეკონომიკური აქტივობის შემცირებაზე მიუთითებს.

მიუხედავად მოთხოვნის ფაქტორების გაუარესებისა, ექსპერტები შიშობენ, რომ საუდის არაბეთი და რუსეთის ფედერაცია ნავთობის მიწოდებას დამატებით შეამცირებენ, რაც ბირჟაზე ენერგორესურსების მკვეთრ გაძვირებას გამოიწვევს.