ინვესტიციების ქრონიკული დეფიციტი - ეს ის საკითხია, რომელსაც გლობალური ენერგეტიკული ინდუსტრია უდიდეს პრობლემად მიიჩნევს. უახლეს ინტერვიუში OPEC-ის გენერალური მდივანი, ჰაიტჰამ ალ-გაიტი აღნიშნავს, რომ 2045 წელს მსოფლიო ენერგეტიკული კრიზისის წინაშე აღმოჩნდება, თუკი ენერგოსექტორში ინვესტიციების მოცულობა $12 ტრილიონით არ გაიზრდება და მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საჭირო ინფრასტრუქტურა დროულად არ მოეწყობა.
„გლობალური ენერგეტიკული ინდუსტრია უდიდესი გამოწვევის წინაშეა და ეს ინვესტიციების კრიტიკული დეფიციტია. ჩვენი პროგნოზით, 2045 წლამდე გლობალური ენერგომოხმარება დამატებით 23%-ით გაიზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოს მასშტაბით იმაზე უფრო მეტი ნავთობი, გაზი და ელექტროენერგია იქნება საჭირო, ვიდრე ახლა ვაწარმოებთ.
ამ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საჭირო ნაბიჯები დროულად არ იდგმება. დეფიციტი დაახლოებით 12 ტრილიონი დოლარია. დიახ, სწორედ ამ მოცულობის ინვესტიციაა საჭირო იმისათვის, რომ ენერგეტიკულმა სექტორმა 2045 წელს მოთხოვნის დაკმაყოფილება შეძლოს, ამ თანხის გადახდა კი, სამწუხაროდ, არავის სურს.
ჭაბურღილები, ქარხნები და მილსადენები - ეს ის კრიტიკული ინფრასტრუქტურაა, რომლის გარეშეც რესურსების ეფექტიანად გადამუშავება ვერ მოხერხდება.
ამჟამად დიდი შვიდეულის მთელი ფოკუსი განახლებადი ენერგიის განვითარება და ემისიების ნულოვან დონემდე შემცირებაა. ჩვენი შეფასებით, ეს ნაადრევი და არარეალისტური მიზანია, განახლებადი ენერგია მომდევნო საუკუნეების განმავლობაში ნამდვილად ვერ შეძლებს ნავთობის და გაზის ჩანაცვლებას, ეს უბრალოდ შეუძლებელია.
მეტსაც გეტყვით, ნავთობი მხოლოდ საწვავ საშუალებად არ გამოიყენება. ნავთობის გადამუშავების შედეგად იწარმოება ისეთი კრიტიკული მნიშვნელობის ნივთები და მატერიალები, როგორებიცაა: პლასტმასი, მალამოები, მედიკამენტები, საპონი, რეზინი, საბურავები და სხვა. წარმოგიდგენიათ სამყარო მათ გარეშე? თუკი ნავთობის მოპოვებას შევწყვეტთ, სწორედ ასეთ სამყაროში მოგვიწევს ცხოვრება, რაც რეალისტურად ნამდვილად არ მეჩვენება.
დიდი შვიდეულის და ევროკავშირის მიზანი მდგრადი ენერგორესურსების განვითარების პარალელურად, ნავთობის მოპოვების ზრდა უნდა იყოს, ამ ყველაფერს კი ინვესტიცია სჭირდება და ამას უკვე დიდი ხანია OPEC-ი ითხოვს“, - აცხადებს OPEC-ის გენერალური მდივანი.