ბოლო პერიოდში საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე ნავთობის ფასები შემცირდა და ერთთვიან პერიოდში კორექციამ 5%-ს მიაღწია, ხოლო წინა წელთან შედარებით ნავთობი საშუალოდ 12%-ითაა გაიაფებული. ამჟამად ბარელი Brent-ის ფასი 72 დოლარს შეადგენს, ხოლო WTI-ის ფასი დაახლოებით 69 დოლარია; რუსულ ნავთობს რაც შეეხება, ბარელი Urals-ის ფასი 65 დოლარს შეადგენს.
ბოლო პერიოდის განმავლობაში ნავთობის გაიაფება უკრაინასა და რუსეთს შორის შესაძლო სამშვიდობო შეთანხმების პერსპექტივას უკავშირდება. ტრამპის და პუტინის სატელეფონო საუბარმა მოლოდინი შექმნა, რომ, შესაძლოა, რუსული ნავთობის ექსპორტზე დაწესებული სანქციები შესუსტდეს. ეს კი ბაზარზე მიწოდების ზრდას გულისხმობს, რაც ნავთობის გაიაფებას იწვევს.
გარდა ამისა, აშშ-ის ნავთობის მარაგები იზრდება. ენერგეტიკის ადმინისტრაციის (EIA) მონაცემებით, აშშ-ში ნედლი ნავთობის მარაგები უკვე მეორე თვეა ზრდას განაგრძობს. თავად ეს მოცემულობა კი ფასზე ზეწოლას ბუნებრივად ამცირებს.
მორიგი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ნავთობის ფასების შემცირებას იწვევს, ჩინეთის ეკონომიკური მდგომარეობაა. ჩინეთი ნავთობის ყველაზე მსხვილი შემსყიდველია მსოფლიოში და მისი ეკონომიკის მდგომარეობა დიდ გავლენას ახდენს გლობალურ ბაზარზე. ბოლო პერიოდში, ჩინეთის ეკონომიკური ზრდა შენელდა: ახალი სახლების ფასები წლიურ მინიმუმამდე დაეცა, ხოლო ექსპორტის მაჩვენებლები დაგეგმილზე უარესი აღმოჩნდა. ეს ვითარება ინვესტორებში შიშს იწვევს, რომ ჩინეთის ეკონომიკის შესუსტება გლობალური მოთხოვნის შემცირებას გამოიწვევს, რაც ნავთობის ფასებზე ზეწოლას ახდენს. ამასთან, აშშ-ის მთავრობა ჩინეთს ახალ ტარიფებს და სავაჭრო შეზღუდვებს უწესებს, რაც აზიური სახელმწიფოს ეკონომიკური ზრდის დინამიკას უფრო მეტად აფერხებს.




























