საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე აღმასვლა ფიქსირდება. ერთ კვირაში ბარელი ნავთობის ფასი საშუალოდ 4.5%-ითაა გაზრდილი და ამჟამად Brent-ის ფასი 82 დოლარს აღწევს, WTI-ს ფასი კი 76 დოლარის ფარგლებშია.
რაც შეეხება რუსულ ნავთობს, ბარელი Urals-ის ფასი 73 დოლარის ფარგლებში მერყეობს, რაც ერთ თვეში 20%-ით გაზრდილი მაჩვენებელია, ერთწლიან პერიოდში მატების მაჩვენებელი 25%-ს აჭარბებს.
საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს პროგნოზით, ნავთობზე მოთხოვნა მზარდია და მომავალში იმაზე მეტი ნავთობის წარმოება იქნება საჭირო, ვიდრე ამჟამად ხორციელდება.
ამჟამად ნავთობის ფასს სწორედ სამომავლო მოლოდინები და მიწოდებასთან დაკავშირებით გაუარესებული პროგნოზები განსაზღვრავს. უშუალოდ მიწოდების მხარეს პრობლემის განმაპირობებელი მიზეზი რუსეთის ფედერაციის და საუდის არაბეთის შეთანხმებაა, რომლებმაც საერთაშორისო ბაზარს ნავთობის მიწოდება მიზანმიმართულად შეუმცირეს და ამით ხელოვნური დეფიციტი გამოიწვიეს.