მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ ეცემა ნავთობის ფასი?

ნავთობი

ბოლო პერიოდში საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე ნავთობის ფასები მკვეთრად შემცირდა და ერთთვიან პერიოდში კორექციამ 15%-ს მიაღწია, ხოლო წინა წელთან შედარებით ნავთობი საშუალოდ 23%-ითაა გაიაფებული. ამჟამად ბარელი Brent-ის ფასი 70 დოლარს შეადგენს, ხოლო WTI-ის ფასი დაახლოებით 67 დოლარია, რაც მიმდინარე წლის მინიმალური მაჩვენებელია.

ფასების ასეთი მკვეთრი ვარდნა რამდენიმე ფაქტორის შედეგია, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი ლიბიის მოვლენებთან არის დაკავშირებული. ლიბია გლობალური ნავთობის ერთ-ერთი მთავარი მწარმოებელია, განსაკუთრებით ევროპისთვის, და ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის გამო, ნავთობის წარმოება და ექსპორტი ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად შემცირდა. ძირითადი დაპირისპირება ლიბიის ცენტრალურ ბანკსა და ნავთობის სექტორს შორისაა. ბანკი ნავთობის ექსპორტიორებიდან მიღებული გადასახადების გაზრდას ცდილობს, რაც პროტესტს იწვევს და ნავთობის წარმოებას აფერხებს.

მიუხედავად არსებული სირთულეებისა, ბოლო კვირებში მოლაპარაკებები პროგრესს აჩვენებს. ლიბიის საკანონმდებლო ორგანოებმა, გაეროს შუამავლობით, 30 დღის ვადაში ახალი ცენტრალური ბანკის მმართველის დანიშვნა დააანონსეს. ამ ახალი ამბის ფონზე, ბაზარზე გაჩნდა მოლოდინი, რომ ნავთობის წარმოება და ექსპორტი მალე აღდგება, რაც მიწოდების ზრდას ნიშნავს და შესაბამისად, ფასების შემცირებასაც იწვევს.

მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ნავთობის ფასების შემცირებას იწვევს, ჩინეთის ეკონომიკური მდგომარეობაა. ჩინეთი ნავთობის ყველაზე მსხვილი შემსყიდველია მსოფლიოში და მისი ეკონომიკის მდგომარეობა დიდ გავლენას ახდენს გლობალურ ბაზარზე. ბოლო პერიოდში, ჩინეთის ეკონომიკური ზრდა შენელდა: ახალი სახლების ფასები აგვისტოში წლიურ მინიმუმამდე დაეცა, ხოლო ექსპორტის მაჩვენებლები დაგეგმილზე უარესი აღმოჩნდა. ეს ვითარება ინვესტორებში შიშს იწვევს, რომ ჩინეთის ეკონომიკის შესუსტება გლობალური მოთხოვნის შემცირებას გამოიწვევს, რაც ნავთობის ფასებზე ზეწოლას ახდენს.

გარდა ამისა, ზაფხული ტრადიციულად ნავთობზე მაღალი მოთხოვნის პერიოდია, განსაკუთრებით ამერიკაში, სადაც მძღოლები უფრო აქტიურად მოგზაურობენ. თუმცა მიმდინარე ზაფხულში, ამერიკაში ნავთობის მოთხოვნა მოსალოდნელზე ნაკლები აღმოჩნდა, რაც ფასების შემცირებას უწყობს ხელს.

ამერიკის გარდა, რუსეთის როლიც ნავთობის ფასებზე დიდ გავლენას ახდენს. მიუხედავად სანქციებისა, რუსეთმა შეძლო ნავთობის ექსპორტის შენარჩუნება, თუმცა ფასების შემცირება მოუწია, რათა აზიასა და სხვა რეგიონებში ახალი ბაზრები დაეკავებინა. ამ სტრატეგიამ გლობალურ ბაზარზე ნავთობის დამატებითი მიწოდება შექმნა, რამაც ფასების კლება გამოიწვია.

ნავთობის ფასების შემცირება რამდენიმე ფაქტორის ერთობლიობის შედეგია: ლიბიის პოლიტიკური კრიზისი და მისი გადაჭრის მოლოდინები, ჩინეთის ეკონომიკური პრობლემები, ამერიკაში დაბალი მოთხოვნა და რუსეთის სტრატეგიული დემპინგი. ეს მოვლენები ნავთობის ბაზარზე ცვლილებებს განაპირობებს და ფასების ვარდნას იწვევს, რაც, თავის მხრივ, საბოლოოდ საქართველოს ბაზარზეც აუცილებლად მოახდენს გავლენას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები