ბოლო პერიოდში საერთაშორისო ბირჟაზე ოქროს ფასი რეკორდულ, 2,955-დოლარიან ნიშნულამდე გაიზარდა, რაც ერთწლიან პერიოდში 45%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. მართალია, უნცია მეტალის ფასი ამჟამად 2,945 დოლარს შეადგენს, თუმცა ეს ერთ თვეში მაინც 7.5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
როგორც წესი, ოქროს გაძვირება კავშირშია გეოპოლიტიკური რისკების ზრდასთან და მიმდინარე კონფლიქტების ესკალაციასთან. მართალია, ასეთი მოცემულობა ინვესტორებისთვის არახელსაყრელია, თუმცა ოქროს ღირებულება სწორედ ასეთი რისკების დაგროვების ფონზე იზრდება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აშშ-ის მხრიდან ტარიფების დაწესება და "სავაჭრო ომის" გაჩაღება, რაც ეკონომიკური რისკების დაგროვებას იწვევს.
გარდა ამისა, გასულ კვირას აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის საუდის არაბეთში შეხვედრა შედგა ომის დამთავრებასთან დაკავშირებით, თუმცა როგორც ჩანს, ზემოხსენებული საუბარი ოქროს ინვესტორებს იმედის მომცემად არ მიუღიათ და მათ ეჭვი აქვთ, რომ ომი კიდევ დიდი ხანი გაგრძელდება. ამ ეჭვს ის მოცემულობა ამყარებს, რომ პირველი მოლაპარაკების შედეგით ყველაზე დიდ კმაყოფილებას ვლადიმირ პუტინი გამოხატავს, ხოლო ვოლოდიმირ ზელენსკის ტრამპი დიქტატორს და მანიპულატორს უწოდებს.
ზემოხსენებული ფაქტორების გარდა, ინვესტორები ოქროს პორტფელის დივერსიფიკაციის და გლობალური კრიზისებისგან თავის დაზღვევის მიზნით ყიდულობენ. გარდა ამისა, ოქროს უმსხვილეს შემსყიდველთა შორის არიან ცენტრალური ბანკები და გლობალური საფინანსო ინსტიტუტები, რომელთაც ოქრო რეზერვების შესავსებად სჭირდებათ.




























