ბოლო პერიოდში საერთაშორისო ბირჟაზე ოქროს ფასი იზრდება და ამჟამად უნცია მეტალის ღირებულება 3,055-დოლარიან ნიშნულს აღწევს, რაც ერთწლიან პერიოდში 40%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. უნდა აღინიშნოს, რომ გასული ერთი კვირის განმავლობაში ოქრომ უნციაზე რეკორდულ 3,060-დოლარიან ნიშნულსაც გადააჭარბა, რაც ისტორიული მნიშვნელობის მოვლენაა.
როგორც წესი, ოქროს გაძვირება კავშირშია გეოპოლიტიკური რისკების ზრდასთან და მიმდინარე კონფლიქტების ესკალაციასთან. მართალია, ასეთი მოცემულობა ინვესტორებისთვის არახელსაყრელია, თუმცა ოქროს ღირებულება სწორედ ასეთი რისკების დაგროვების ფონზე იზრდება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აშშ-ის მხრიდან ტარიფების დაწესება და "სავაჭრო ომის" გაჩაღება, რაც ეკონომიკური რისკების დაგროვებას იწვევს.
ზემოხსენებული ფაქტორების გარდა, ინვესტორები ოქროს პორტფელის დივერსიფიკაციის და გლობალური კრიზისებისგან თავის დაზღვევის მიზნით ყიდულობენ. გარდა ამისა, ოქროს უმსხვილეს შემსყიდველთა შორის არიან ცენტრალური ბანკები და გლობალური საფინანსო ინსტიტუტები, რომელთაც ოქრო რეზერვების შესავსებად სჭირდებათ.