საერთაშორისო სასაქონლო ბირჟაზე შაქრის ფასი მცირდება. ერთთვიან პერიოდში ვარდნის მაჩვენებელი 7%-ს აღწევს, ხოლო წლიურ ჭრილში კორექციის მაჩვენებელი 29%-ია.
ამჟამად შაქრის ფასი 2022 წელს დაფიქსირებულ მინიმალურ მაჩვენებელს უახლოვდება და ანალიტიკოსები მის დამატებით გაუფასურებას მოელიან.
შაქრის ფასის მკვეთრი კლება მიწოდების ჯაჭვის აღდგენას უკავშირდება, რომელიც, თავის მხრივ, რუსეთ-უკრაინის ომით იყო შეფერხებული. თუმცა ამ დროის განმავლობაში მწარმოებლებმა ალტერნატიული გზები გამონახეს და მიწოდება უწყვეტ რეჟიმში აღადგინეს.
მეორე ძირითადი ფაქტორი გაზრდილ მოსავლიანობას უკავშირდება. მოგეხსენებათ, შაქრის წარმოების ბაზარზე ბრაზილია გლობალური ლიდერია, მისი მოსავალი კი წინა წელთან შედარებით თითქმის 26%-ითაა გაზრდილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ბაზარზე საქონლის მიწოდება იზრდება, რაც ფასის კლებას იწვევს.