მსოფლიოში შაქრის ფასი 12-წლიან მაქსიმუმზეა. გასულ წელს ნედლეული 42%-ით გაძვირდა, 2023 წლის დასაწყისიდან კი ფასი დამატებით 30%-ით გაიზარდა. ამ დროის მონაცემებით 0.45 კგ შაქრის ფასი ბირჟაზე 27 ცენტით განისაზღვრება.
საქონლის გაძვირების მთავარი მიზეზი, მსოფლიოში შაქრის უმსხვილეს მწარმოებელ ქვეყნებში ჩავარდნილი სეზონი და კლიმატური პირობებისგან გამოწვეული შემცირებული მოსავალია. მაგალითად, ტაილანდში, პაკისტანსა და მექსიკაში, რომლებიც მსოფლიოში შაქრის უმსხვილესი მწარმოებლების ათეულში შედიან, შემცირება ძლიერმა გვალვამ განაპირობა. ინდოეთის, აშშ-ის, ევროკავშირის ქვეყნებისა და ჩინეთის შემთხვევაში კი, მოსავლის შემცირების მიზეზი ხშირი წყალდიდობა და უხვი ნალექი იყო.
შაქრის საერთაშორისო ორგანიზაციის თანახმად, გაუარესებული კლიმატური პირობების გათვალისწინებით, 2023-2024 წელს მსოფლიოში შაქრის მიწოდება 15%-მდე შემცირდება, რის პარალელურადაც მზარდი იქნება მოთხოვნა. აშშ-ს სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის შეფასებით, გლობალური წარმოება სეზონისთვის 187,9 მილიონი ტონა იქნება. მოთხოვნის სტაბილური ზრდა და მიწოდების შემცირება კი, ბაზრის გადატვირთვასა და სავარაუდოდ, შაქრის კიდევ უფრო გაძვირებას განაპირობებს.
აშშ-ში შაქრის გაძვირება სხვადასხვა პროდუქციის ფასზე უკვე აისახა. "შაქრის ფლაციამ", როგორც ამას თავად უწოდებენ, ტკბილეულისა და საღეჭი რეზინის ფასები წლის განმავლობაში 13,2%-ით გაზარდა. როგორც ტკბილეულის მწარმოებელ ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანია Atkinson Candy-ში აცხადებენ, მათი 11 მიმწოდებელი შემცირებული მარაგის გამო, შაქარს იმ რაოდენობით ვეღარ აწვდით, რაც სჭირდებათ. სანამ ისინი ახალ მიმწოდებელს იპოვიან, შაქარს საცალო და საბითუმო სუპერმარკეტების ქსელ "კოსტკოსგან" ყიდულობენ, რაც თავისთავად ხარჯების ზრდას იწვევს. გაზრდილი ხარჯი კი პროდუქციის ღირებულებაზე პირდაპირ აისახება.
ტკბილეულის მწარმოებლები აღნიშნავენ იმასაც, რომ Halloween-ზე კიდევ უფრო გაზრდილი მოთხოვნა აჩენს საფრთხეს, რომ შაქრის შემცირებული მარაგის გათვალისწინებით, მათ ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება ვერ შეძლონ, პროდუქცია კი, კიდევ უფრო გაძვირდეს. ტკბილეულის კიდევ ერთმა წამყვანმა მწარმოებელმა Spangler-მა Halloween-სთვის შეკვეთების მიღებაზე უკვე უარი თქვა, არსებული დეფიციტის გათვალისწინებით კი, შესაძლოა, შეკვეთა არც საშობაოდ მიიღოს.
ტკბილეული არ არის ერთადერთი, რაზეც შაქრის ფასს გავლენა აქვს. შაქარი არანაკლებად გამოიყენება სხვადასხვა სასმლისა და ეთანოლის საწვავის დასამზადებლად, მისი წილი მნიშვნელოვანია ასევე მედიცინაში, კოსმეტიკაში, სამშენებლო მასალებში, ბიოპლასტიკაში, მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლაში, ქაღალდის წარმოებაში, ცხოველის საკვებსა და ასევე სარეცხ საშუალებებში. შესაბამისად, სპეციალისტების პროგნოზით შაქრის გაძვირება, სავარაუდოდ, ამ ყველაფრის ფასზეც აისახება.