მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთი შაქრის ექსპორტის აკრძალვას გეგმავს

იმპორტი

რუსეთში შაქრის ექსპორტის დროებით აკრძალვაზე მუშაობენ. რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ რუსეთიდან შაქრის ექსპორტის 2024 წლის 31 აგვისტომდე აკრძალვის დადგენილების პროექტი შეიმუშავა, რომელიც სამთავრობო გვერდზე გამოქვეყნდა.

„ამ დადგენილების ძალაში შესვლის დღიდან 2024 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით დაწესდეს დროებითი აკრძალვა რუსეთის ფედერაციიდან ლერწმის ან ჭარხლის შაქრისა და ქიმიურად სუფთა საქაროზის მყარ მდგომარეობაში (EAEU HS კოდი 1701) ექსპორტზე“, - ნათქვამია დადგენილებაში.

დოკუმენტში გარკვეული გამონაკლისებიც არის გათვალისწინებული. კონკრეტულად ევრაზიული ეკონომიკური კავშირში შაქრის ექსპორტზე აკრძალვა არ გავრცელდება იმ მოცულობების ფარგლებში, რომელიც საორიენტაციო ნაშთებით არის გათვალისწინებული, თუმცა ამასთან ექსპორტისას აუცილებელი იქნება ნებართვა, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო გასცემს.

რუსული გამოცემა „ინტერფაქსი“ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ შაქრის ექსპორტის აკრძალვის საკითხი ჯერ კიდევ თებერვალში განიხილებოდა. შაქრის ექსპორტის რეგულირება მაშინ ქვეყნის საზღვრებს გარეთ შაქრის ექსპორტის გაზრდილი მოცულობებით იყო განპირობებული. გამოცემასთან საუბრისას წყარო ამბობდა, რომ მიმდინარე სეზონზე ქვეყანაში შაქრის გარდამავალი მარაგების არსებობა აუცილებელია.

ცნობისთვის, 2023 წლის თებერვლიდან წლის ნახევრამდე რუსეთიდან შაქრის ექსპორტმა 442 ტონა შეადგინა, 2022 წლის ამავე პერიოდში კი ეს მოცულობა 164.3 ტონა იყო. შაქრის ევრაზიული ასოციაციის მონაცემებით, რუსეთში 2023 წლის აგვისტოდან 6.6 მლნ ტონა ჭარხლის შაქარია ნაწარმოების, რაც გასული სეზონის მაჩვენებელს 0.7 ტონით აღემატება.

საქართველოში 2023 წელს 99.7 მლნ დოლარის ღირებულების 144 727 ტონა შაქრის იმპორტი განხორციელდა, რაც მოცულობით 2022 წლის მაჩვენებელს ჩამორჩება, ღირებულებით კი აღემატება (2022 წელი - $89.4 მლნ, 151 762 ტონა), რაც იმას ნიშნავს, რომ საერთაშორისო ბაზარზე გასულ წელს შაქარი გაძვირდა.

შაქრის იმპორტიორი ქვეყნების რეიტინგში რუსეთს მეორე ადგილი უკავია. მთავარი მომწოდებელი ქვეყანა სტატისტიკის მიხედვით ბრაზილიაა. 2023 წელს ჯამში ამ მიმართულებიდან 44 მლნ დოლარის 68 586 ტონა შაქარი შევიძინეთ, რუსეთიდან კი 14.7 მლნ დოლარის 22 803 ტონა; შაქარი შემოდის ასევე მაროკოდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, საფრანგეთიდან, ეგვიპტიდან და სხვა ქვეყნებიდან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები