რუსეთში, ფერმერთა გაერთიანება სოფლის მეურნეობაში ოპერირების შემსუბუქების ინიციატივით გამოდიან. რუსული „იზვესტია“ წერს, რომ აგროსექტორის წარმომადგენლები მარცვლეულზე, პარკოსნებსა და ზეთოვან კულტურებზე საექსპორტო ბაჟის გაუქმებას, უკრაინასთან ომის ზონის მოსაზღვრე რაიონებში გაკოტრებაზე მორატორიუმის შემოღებას და რიგი სხვა მხარდამჭერი ღონისძიებების გატარებას ითხოვენ. რუსეთის 65 რეგიონიდან ფერმერული მეურნეობების ასოციაციამ და კოოპერატივებმა შესაბამისი რეზოლუცია ქვეყნის მთავრობაში, სოფლის მეურნეობის სამინისტროში, პარლამენტსა და ფედერაციულ კავშირში უკვე გაგზავნა.
ცნობისთვის, რუსეთი საქართველოს მარცვლეულის, მზესუმზირის და მზესუმზირის ზეთის მთავარი მომწოდებელი რუსეთია.
სოფლის მეურნეობის ასოციაციის მიერ სხვადასხვა უწყებისთვის გაგზავნილ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რუსეთში, მცირე ფერმერულ მეურნეობებზე ქვეყნის მთელი ნათესი ფართობების 64% მოდის. მათი განცხადებით, ქვეყანაში სექტორის მნიშვნელოვანი წვლილის მიუხედავად, რუსეთში ფერმერებისთვის მუშაობის ეკონომიკური პირობები ყოველწლიურად უარესდება.
„ეს ეხება ფინანსურ-ეკონომიკური მდგომარეობას, ფასებს შორის შეუსაბამობას, შემოსავლების შემცირებას და საინფორმაციო სისტემების მეშვეობით პროცესების მკაცრ ადმინისტრირებას. დღეს წარმოებისა და რეალიზაციის მარეგულირებელი ყველა არსებული პროცესი ბაზრის მსხვილ მოთამაშეებზეა მორგებული. მცირე ბიზნესი არ არის გამოყოფილი, როგორც ცალკეული წყობა, რომელიც სახელმწიფო მართვისა და რეგულირების სპეციფიკას საჭიროებს“, - წერია დოკუმენტში.
ფერმერულ გაერთიანებაში აცხადებენ, რომ მცირე აგრომეურნეობების მხარდასაჭერად გარკვეული გადაწყვეტილებები მიიღება, თუმცა ეს აგრარული ეკონომიკის მცირე სექტორის სტაბილური მუშაობისთვის საკმარისი არ არის. აგროსექტორის წარმომადგენლები ხელისუფლებას დარგის სისტემური პრობლემების გადაჭრას სთხოვენ, რაც მათი აზრით, წარმოების მოცულობების გაზრდასა და სოფლის მეურნეობებისთვის ფართობების შენარჩუნების შესაძლებლობას მისცემთ.
„ჩვენთვის ერთ-ერთი საკვანძო საკითხი საექსპორტო ბაჟის გაუქმებაა, რადგან მისმა შემოღებამ შიდა ბაზარზე მარცვლეულ კულტურებზე შესასყიდი ფასების კლებაზე და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებელთა რენტაბელობის შემცირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია“, - განუმარტა „იზვესტიას“ AKKOR-ის ვიცე-პრეზიდენტმა ოლგა ბაშმაჩნიკოვამ.
გამოცემის ცნობით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, რომ საექსპორტო ბაჟი აგრარული ბიუჯეტის შევსებას უწყობს ხელს, თუმცა მემცენარეობის დარგის წარმომადგენლების ზარალის ასანაზღაურებლად მინიმალური თანხები მიიმართება, რომლებიც დანაკარგებს ვერ აკომპენსირებს. ფერმერები რუსეთის ხელისუფლებას კითხვით მიმართავენ: „რატომ გვართმევთ ფულს, რათა შემდეგ თითქოს სუბსიდიების სახით დაგვიბრუნოთ? ეს ილუზიაა, სინამდვილეში ქმედითი კომპენსირება არ ხდება“.
AKKOR-ის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, მეურნეობები მუშაობას მხოლოდ იმიტომ წყვეტენ, რომ კონტროლის გასაძლიერებლად შექმნილი ციფრული სერვისების დანერგვას ვერ ახერხებენ და ისინი ბიუროკრატიულ ტვირთს ქმნის, რომელიც მცირე საოჯახო ფერმებს აწვება.
დოკუმენტი სულ 17 წინადადებას მოიცავს. აგროსექტორის წარმომადგენლები განსაკუთრებული ტარიფებისა და ფასების დაწესებას ელექტროენერგიაზე, წყლისა და გაზის მიწოდებაზე, დიზელის საწვავსა და სასუქებზე შიდა ბაზარზე, ან ფერმერებისთვის საწარმოო რესურსებზე ფასების ზრდის კომპენსირებას ითხოვენ. ასევე, ისინი საბუთების, ვეტერინარული ცნობებისა და სხვა დოკუმენტების გაფორმების ღირებულების ფორმირების წესის ცვლილების ინიციატივით გამოდიან.
ცნობისთვის, რუსეთში მარცვლეულ კულტურებზე - ხორბალზე, სიმინდზე, ქერზე მცურავი საექსპორტო ბაჟია დაწესებული. ეს მექანიზმი ბირჟაზე რეგისტრირებული საექსპორტო კონტრაქტების ფასებს და რუბლის მიმართ დოლარის საშუალო არითმეტიკულ კურსს ეფუძნება, რომელსაც ცენტრალური ბანკი გაანგარიშების თარიღამდე ხუთი სამუშაო დღით ადრე წარადგენს. 21 აპრილამდე ხორბლის ექსპორტზე ბაჟი 1 ტონაზე 329 რუბლს შეადგენდა, ხოლო სიმინდსა და ქერზე ბაჟი ნულოვანი იყო. 2026 წლის 22 აპრილიდან 28 აპრილამდე ხორბალზე, სიმინდზე, ქერსა და ხორბლისა და ჭვავის ნარევზე (მესლინი) ბაჟი დროებით განულებულია. ეს გადაწყვეტილება აღნიშნულ პერიოდში მარცვლეული კულტურების ექსპორტის სტიმულირებას ისახავს მიზნად. 2026 წელს მარცვლეულის გატანაზე სატარიფო კვოტა 20 მილიონ ტონას შეადგენს. ზეთოვან კულტურებზე რუსეთში საექსპორტო გადასახადი 2028 წლის სექტემბრამდეა ძალაში.



























