მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Bitfury-მ თბილისის თიზ-ი გაყიდა- წყვეტს თუ არა ტექკომპანია საქართველოში მაინინგს?

6465e859c3db3
ელენე გოგბერაშვილი
18.05.23 23:50
1278
შპს “ჯორჯია თექნოლოჯი პარკი”, რომელიც თბილისში გლდანის მიმდებარედ 17 ჰექტარზე განთავსებულ “თბილისის თავისუფალ ზონას” ფლობს, გაიყიდა. თიზ-ი 2015 წლის 26 ოქტომბერს დაფუძნდა და მისი ძირითადი საქმიანობა ტექნოლოგიური კომპანიებისთვის კომერციული სივრცის შეთავაზება იყო. თიზ-ის დამფუძნებელი ოფშორში რეგისტრირებული ტექნოლოგიური კომპანია Bitfury-ი იყო, რომელიც ადგილზე კრიპტოვალუტის დატა ცენტრს ფლობს.

თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა კომპანია „ზოტი ჰოლდინგმა“ იყიდა. როგორც ამ კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და თიზ-ის მმართველი პარტნიორი სოსო ნიბლაძე გადაცემა რედაქტ2-თან ინტერვიუში ამბობს, კომპანია გასული წლის აგვისტოში სწორედ ამ გარიგების გამო დააფუძნეს. კომერციული ინტერესებიდან გამომდინარე ნიბლაძე გარიგების დეტალებზე არ საუბრობს.

როგორც ირკვევა, Bitfury-მ თიზ-ის ტერტორია გაყიდა, თუმცა რჩება მოიჯარედ. ტექნოლოგიური კომპანია ადგილზე 60 მეგავატის სიმძლავრის კრიპტოვალუტის დატა ცენტრს ფლობს, თუმცა როგორც ნიბლაძე აცხადებს, ამ ეტაპზე Bitfury-ს მაინინგის პროცესი შეჩერებული აქვს.

„მე ძალიან ბევრის თქმა გამიჭირდება Bitfury-ის სამომავლო აქტივობების შესახებ. ამ კომპანიას ამ ეტაპზე შეჩერებული აქვს საქმიანობა, თუმცა ტექნიკურად, მისი ინფრასტრუქტურა ჯერ კიდევ არის განთავსებული თიზ-ის ტერიტორიაზე.

შესაძლებელია მაინინგის პროცესი განაახლონ, იურიდიულად ისინი ითვლებიან მოიჯარეებადაც, თუმცა ამას ეს კომპანია განახორციელებს თუ არა შემდგომში, ამას მე ვერ მოგახსენებთ, რადგან ეს მათი კომპეტენციაა და ალბათ დამოკიდებულია როგორც მათ პირად მიზნებზე, ისე ამ სექტორში მიმდინარე პროცესებზე. ჰიპოტეტურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გააგრძელებენ საქმიანობას, თუმცა ამაზე მე ვერ მოგახსენებთ“,-აცხადებს თიზის მმართველი პარტნიორი.

ის, რომ Bitfury-ისთვის საქართველოში მაინინგი ამ ეტაპზე საინტერესო აღარ არის, მოწმობს ესკოს მონაცემებიც. 2023 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში მოქმედმა იმ კომპანიებმა, რომლებიც ინდუსტრიულ დონეზე იყვნენ მაინინგით დაკავებული, ელექტროენერგიის მოხმარება მინიმუმამდე დაიყვანეს.

ელექტროენერგია მაინინგისთვის ფაქტობრივად ერთადერთი რესურსია, რომელსაც ეს სფერო იყენებს, შესაბამისად მისი მოხმარების კლება მთლიანად ამ აქტივობის კლებაზე მეტყველებს.

მაგალითად, Bitfury საქართველომ, ანუ შპს “ბი ეფ დი სი ჯორჯიამ”, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 62,5 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგია მოიხმარა, 2023 წლის იანვარ-თებერვალში კი მოხმარებამ მხოლოდ 0.2 მილიონი კილოვატ საათი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 99.6%-ით ნაკლებია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები