მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Bitfury საინვესტიციო ფირმად გარდაქმნას და $1 მილიარდიან ინიციატივას აანონსებს

Bitfury

დღეს, ბლოქჩეინ ტექნოლოგიების მომსახურების კომპანია Bitfury-მ გამოაცხადა საინვესტიციო ფირმად გარდაქმნის შესახებ, 1 მილიარდი დოლარის დაფინანსების ინიციატივის წამოწყებით. კომპანიის თანახმად, ეს ეთიკური ინოვატორების ახალი თაობის მხარდაჭერას ისახავს მიზნად.

"Bitfury ყოველთვის თვლიდა, რომ ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანის პროგრესს. შემდეგი თავი აერთიანებს მისიით მოტივირებულ ინვესტორებსა და დამფუძნებლებს - ადამიანებს, რომლებმაც მიზანმიმართულად შექმნეს თავიანთი საქმიანობა - რათა მხარი დაუჭირონ ინოვატორების მომავალ თაობას, რომლებიც იზიარებენ ამ მოწოდებას. ერთად შეგვიძლია ინოვაცია ღირებულებებთან შევათავსოთ და შევქმნათ ტექნოლოგიები, რომლებიც ადამიანებს უფრო დამოუკიდებელს, კრეატიულსა და თავისუფალს გახდის",- ამბობს Bitfury ჯგუფის თანადამფუძნებელი და CEO ვალერი ვავილოვი.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Bitfury-მ უკვე უზრუნველყო 1 მილიარდი დოლარი ამ ინიციატივისთვის, რომელიც მიღებულია მისი წინა ოპერაციებიდან, წარმატებული ინვესტიციებიდან და ინვესტორთა ქსელიდან და თანხების გამოყოფას წელსვე დაიწყებს.

„Bitfury-ის მიერ ტექნოლოგიური ლიდერების ინკუბაციისა და კაპიტალიზაციის ისტორია ახლა მეცნიერებაზე დაფუძნებული საწარმოების ახალი თაობისთვის იქნება გამოყენებული. ჩვენ ვაერთიანებთ მისიით ორიენტირებული ინვესტორებისა და დამფუძნებლების ქსელს, რომლებიც კაპიტალს, ექსპერტიზასა და მიზანს იყენებენ ისეთი ტექნოლოგიების მასშტაბირებისთვის, რომლებიც მნიშვნელოვნად წინ წასწევენ კაცობრიობას“, - აცხადებს Bitfury-ის ვიცე-თავმჯდომარე გიორგი კიკვაძე.

Bitfury თავდაპირველად 2011 წელს დაარსდა, როგორც ბიტკოინის მაინერი, საბოლოოდ კი სრული სერვისის ბლოკჩეინ ტექნოლოგიების კომპანიად ჩამოყალიბდა და კერძო ინფრასტრუქტურის პროვაიდერად ბლოკჩეინ ეკოსისტემაში.

აღსანიშნავია Bitfury-ის კავშირები საქართველოსთან. წარსულში Bitfury თბილისში, გლდანის დატა ცენტრში ახორციელებდა კრიპტო მაინინგს. 2023 წელს შპს “ჯორჯია თექნოლოჯი პარკი”, რომელიც გლდანის მიმდებარედ 17 ჰექტარზე განთავსებულ “თბილისის თავისუფალ ზონას” ფლობდა, გაიყიდა. თიზ-ი 2015 წლის 26 ოქტომბერს დაფუძნდა და მისი ძირითადი საქმიანობა ტექნოლოგიური კომპანიებისთვის კომერციული სივრცის შეთავაზება იყო. თიზ-ის დამფუძნებელი კაიმანსა და ნიდერლანდებში რეგისტრირებული ტექნოლოგიური კომპანია Bitfury-ი იყო, რომელიც ადგილზე 60 მეგავატის სიმძლავრის კრიპტოვალუტის დატა ცენტრს ფლობდა.

ამასთან, გიორგი ბაჩიაშვილის კომპანია Mission Gate-ი, რომელიც ტექნოლოგიების - ძირითადად კრიპტო მაინინგის სფეროში ახორციელებს ინვესტიციებს, რიგი პროექტების ფარგლებში პარტნიორობდა მათ შორის Bitfury-სთან. ბაჩიაშვილის ადვოკატის თანახმად, სწორედ Bitfury-ს მიერ გამომუშავებულ ბიტკოინებზე დავობს ივანიშვილი თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელთან. კერძოდ, ივანიშვილსა და ბაჩიაშვილს შორის დაიდო სასესხო ხელშეკრულება, რომელიც გაცემული იყო ბაჩიაშვილის კომპანია Mission Gate-სა და Bitfury-ის შორის გაფორმებული კონტრაქტის ანგარიშსწორებისთვის. აღნიშნული საქმის ფარგლებში ბაჩიაშვილს 11 წლით პატიმრობა და 9 ათასამდე ბიტკოინის გადახდა დაეკისრა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები