საერთაშორისო კრიპტობირჟაზე აღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება - ბიტკოინის ფასი ამჟამად 87,400 დოლარს აღწევს, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია კი 1 ტრილიონ 730 მილიარდი დოლარია. ერთკვირიან პერიოდში ბიტკოინის გაძვირების მაჩვენებელი 5%-ს აჭარბებს.
მოიმატა ეთერიუმის ფასმაც და ის ამჟამად 2,100 დოლარად ივაჭრება, მისი საბაზრო შეფასება კი $252 მილიარდია, რაც 10%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
ბიტკოინის, ეთერიუმის და სხვა კრიპტოაქტივების გაძვირება პირდაპირ კავშირშია იმ საბაზრო ტენდენციასთან, რომელიც ამერიკულ საფონდო ბირჟაზე ფიქსირდება, რაც ბოლო პერიოდში მცირედ ზრდას მოიაზრებს.
გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური რეზერვი მიმდინარე წლის მეორე ნახევრიდან მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქებაზე გადართვას გეგმავს. რეფინანსირების განაკვეთის შემცირება კი, მოგეხსენებათ, საფონდო ბირჟისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია.
ასევე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბიტკოინის ETF-ების დამტკიცებამ კრიპტოაქტივების მიმართ ინსტიტუციური ინვესტორების ინტერესის ზრდა გამოიწვია.